ავტოსაგზაო შემთხვევები ქალებისთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე მამაკაცებისთვის | კვლევა
ყველანი ვთანხმდებით, რომ ბოლო ათწლეულში მიღწეული პროგრესით, ავტომობილები დღეს ბევრად უფრო უსაფრთხო ტრანსპორტია, ვიდრე წარსულში იყო. თუმცა, გრაცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (TU Graz) ახალი კვლევის თანახმად, ქალები ამ მიღწევით კაცებთან შედარებით თანაბრად ვერ სარგებლობენ. კერძოდ, TU Graz-ის კვლევამ აჩვენა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, ჩვეულებრივ, ქალები 60%-ით უფრო დაუცველნი არიან — და ეს იმის მიუხედავადაც, რომ ზოგადად, ქალი მძღოლები ხშირად შედარებით დაბალი სიჩქარით შეჯახების დროს შავდებიან.

TU Graz-ის მკვლევრების ანგარიში 2012 წლიდან 2024 წლამდე ავსტრიის მასშტაბით მომხდარი ავარიების სტატისტიკას ეყრდნობა. დასკვნებისთვის კი, ავარიის ტესტებისა და ადამიანის ვირტუალური მოდელების გამოყენებით, რეალური შემთხვევების რეკონსტრუქციას მიმართეს. დასკვნებმა აჩვენა, რომ ქალი მძღოლებისა და მგზავრებისთვის, შეჯახების დროს, გულმკერდის არეში, ხერხემლისა და კიდურების სერიოზული დაზიანების ალბათობა საგრძნობლად მაღალია. განსაკუთრებული რისკის ქვეშ კი უფროსი ასაკის ქალები არიან.
ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ათწლეულების განმავლობაში, ავტომობილების უსაფრთხოების სტანდარტები ძირითადად „საშუალო“ მამაკაცის სხეულის პარამეტრებზე იყო მორგებული. ქალების შემთხვევაში კი, ფაქტობრივად, მამაკაცი მანეკენების შემცირებულ ვერსიებს იყენებდნენ, რომლებიც თან ძალიან ტანმორჩილ ქალებს განასახიერებდა და საერთოდ არ იყო მორგებული მათ რეალურ ანატომიას. კვლევის თანახმად, ქალების 95% აქამდე გამოყენებულ მანეკენებზე ბევრად დიდი იყო. სწორედ ამიტომ, ქრაშ-ტესტებისას, სრულიად ლოგიკურად, ქალი მანეკენების დამატების საჭიროება გაჩნდა.

გასულ წელს, აშშ-ის სატრანსპორტო დეპარტამენტმა ოფიციალურად წარადგინა THOR-05F-ის ტიპის მანეკენი — ბევრად დახვეწილი ქალის მოდელი, რომელიც რეალისტური ანატომიის მიხედვითაა შექმნილი და ქრაშ-ტესტებისას მეტ სიზუსტეს უზრუნველყოფს. მას აქვს გაუმჯობესებული სენსორები და ბიომექანიკა, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ რეაგირებს ქალის სხეული შეჯახების დროს.
ავსტრიელი მკვლევრების თქმით, ამ ტიპის ცვლილება აუცილებელია, რადგან ქალები მხოლოდ პატარა ზომის მამაკაცები არ არიან. მენჯის სტრუქტურის, გულმკერდის ფორმის, მხრების გეომეტრიის და ხერხემლის მოძრაობის განსხვავებებმა კი, შესაძლოა, ავარიების დროს დაზიანების შედეგებზეც მკვეთრად იმოქმედოს. გრაცის უნივერსიტეტის კვლევა ყურადღებას ამახვილებს ჯდომის ფაქტორზეც — მაგალითად, წინა სავარძლის მგზავრები, როგორც წესი, უფრო მეტად იხრებიან ან უკან გადაწეულები სხედან, ვიდრე მძღოლები. ქალები კი მგზავრის სავარძელს უფრო ხშირად იკავებენ, რაც ამ რისკების ალბათობასაც საგრძნობლად ზრდის.