ხუთ წელიწადში BYD მსოფლიოში უდიდესი ავტომწარმოებელი გახდება | BYD-ის თავმჯდომარე
BYD-ის თავმჯდომარის, ვანგ ჩუანფუს განცხადებით, მას აქვს მოლოდინი, რომ ჩინური კომპანია მომდევნო ხუთ წელიწადში მსოფლიო მასშტაბით უდიდესი ავტომწარმოებელი გახდება. ამ ამბიციური განცხადებით ვანგი ინვესტორების დამშვიდებასაც შეეცადა, რომლებიც ბოლო პერიოდში კომპანიის აქციების ფასების მკვეთრი ვარდნის გამო არიან შეშფოთებულნი.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?
2025 წელს გაყიდული 4.6 მილიონი ერთეული ავტომობილით BYD მსოფლიოში მეექვსე ადგილზე იყო. თუმცა ჩინურ კომპანიას ადგილობრივ ბაზარზე მზარდ კონკურენციასთან უწევს გამკლავება, რაც წელს მის შენელებულ შედეგებშიც გამოიხატება. კომპანიის აქციების ღირებულება უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ჰონგ-კონგის ბირჟაზე დაფიქსირებულ პიკთან შედარებით 45%-ზე მეტითაა დავარდნილი, ხოლო შენჭენში დალისტულმა აქციებმა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 33%-იანი კლება დააფიქსირეს.

შენჭენში, კომპანიის აქციონერთა ყოველწლიურ კრებაზე, ვანგმა სიტყვით 1 000-მდე აქციონერს მიმართა და მეორე თაობის Blade Battery-ის წარმოების გაფართოებაზე კომპანიის ფოკუსირებასაც ხაზი გაუსვა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Shanghai Securities News-ის ცნობით, მიმდინარე წლის მთავარ გამოწვევად და მომავალი ზრდის მამოძრავებელ ძალად მან აქციონერებთან სწორედ ეს საკითხი დაასახელა.
„ხუთ წელიწადში BYD მასშტაბებით ნამდვილად გახდება ნომერ პირველი ავტომწარმოებელი მსოფლიოში“, — განაცხადა ვანგმა. აღნიშნული განცხადებისას ვანგმა ყურადღება ჩინური კომპანიის ძლიერ ექსპორტსა და ტექნოლოგიურ მიღწევებზე გაამახვილა, ასევე ბატარეებისა და სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიების გაუმჯობესებაზე. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი უნდა იყოს BYD-ის შემდგომი ზრდისთვის როგორც ქვეყნის ფარგლებს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

BYD-მ ოთხშაბათს დაადასტურა ვანგის განცხადება იმის შესახებ, რომ მას სურს, კომპანია მსოფლიოში პირველი ავტომწარმოებელი გახდეს. თუმცა Reuters-ს კომპანიაში სამომავლო გეგმების შესახებ დამატებით დეტალებზე არ უპასუხეს.
თუმცა იმ მიზნის მისაღწევად, რასაც ვანგი ასახელებს, ჩინურ კომპანიას Toyota Motor-ის გადასწრება დასჭირდება. ამ უკანასკნელმა მხოლოდ 2025 წელს BYD-ზე ორჯერ მეტი ავტომობილი გაყიდა და წლებია, ყველაზე გაყიდვადი ავტომწარმოებლის სტატუსს ინარჩუნებს. თუმცა გასულ წელს Toyota-ს ბაზრის წილი ისეთ რეგიონებში შემცირდა, როგორებიცაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და ახლო აღმოსავლეთი. აქ კი, ჩინეთის მსუბუქი ავტომობილების ასოციაციის მონაცემების თანახმად, ჩინურმა ავტომწარმოებლებმა წელს მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირეს.