კვლევა, სერვისი, ბატარეა, ელექტრომობილები, მეორადი ელექტრომობილები
Aa
Aa

მეორადი ელექტრომობილის ყველაზე მაღალხარჯიანი და ხშირი პრობლემა ბატარეა არაა | კვლევა

თუ მეორადი ელექტრომობილის შეძენას გეგმავთ, მაშინ ალბათ ყველაზე მეტად, რასაც ყურადღებას აქცევთ და გაღელვებთ, თქვენი მომავალი EV-ის ბატარეის მდგომარეობაა. თუმცა, გაერთიანებულ სამეფოში ბაზირებული კომპანია Warrantywise-ის მიერ გამოქვეყნებული უახლესი კვლევით, მეორადი ელექტრომობილების მფლობელები გაცილებით ხშირად არა, როგორც წესით ელოდით, ბატარეის გაუმართაობას, არამედ სხვა ტიპის პრობლემებს აწყდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს

Warrantywise-ის კვლევა საგარანტიო მოთხოვნების ანალიზს ეფუძნება და ავლენს, რომ ელექტრომობილებში ყველაზე გავრცელებული პრობლემები დიდწილად იგივეა, რაც შიგაწვის ძრავით აღჭურვილ ავტომობილებში. ძირითად შემთხვევებში გაუმართაობები ელექტროსისტემას, დაკიდების სისტემასა და 12-ვოლტიან აკუმულატორს უკავშირდება.

ყველაზე გავრცელებული კი, კვლავ, სხვადასხვა ტიპის ელექტრული სისტემის გაუმართაობაა. მათ შესაკეთებლად საჭირო ხარჯები საშუალოდ $1 085-დან $1 205-მდე მერყეობს, თუმცა არის გარკვეული გარემოებები, როდესაც ეს ხარჯი შესაძლოა $5 400-მდეც კი გაიზარდოს.

Warrantywise-ის კვლევით, კიდევ ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ნაწილი მეორად ელექტრომობილებში შესაკეთებლად დაკიდების სისტემის კომპონენტებია, განსაკუთრებით კი განივი ბერკეტი. ასეთი დაზიანების შეკეთების საშუალო ღირებულება $1 600-ია, თუმცა შესაძლოა 5 500 აშშ დოლარსაც გადააჭარბოს. მართალია, ელექტრომობილებს ძრავა და გადაცემათა კოლოფი არ აქვთ, თუმცა მათი წონა საკიდარზე დამატებით დატვირთვას ქმნის და კომპონენტებიც უფრო სწრაფად ცვდება.

ერთადერთი „წმინდად“ ელექტრომობილისთვის დამახასიათებელი კომპონენტი, რომელიც ტოპ-5 პრობლემას შორისაა, ბორტდამტენია (On-Board Charger – OBC). მისი შეკეთების საშუალო ღირებულება დაახლოებით 2 900 აშშ დოლარია, თუმცა ყოფილა ცალკეული შემთხვევაც, როდესაც ხარჯმა 14 ათას აშშ დოლარსაც გადააჭარბა. საქმე იმაში გახლავთ, რომ რეალურად ეს დაზიანება იმდენად იშვიათია, რომ მისი გამოსწორება შესაძლოა ძალიან ძვირიც დაგიჯდეთ.

უნდა ითქვას ისიც, რომ მიუხედავად დამკვიდრებული მოსაზრებისა, მაღალი ძაბვის ბატარეა მეორადი ელექტრომობილების ყველაზე გავრცელებულ გაუმართაობებს შორის სულაც არ მოხვდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ EV-ების ბატარეა არ უფუჭდებათ, უბრალოდ, Warrantywise-ის მონაცემებით, ეს შედარებით იშვიათია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის შეიძლება იყოს, რომ ბატარეა რეალურად იმაზე გამძლეა, ვიდრე ბევრ ჩვენგანს გვგონია და, თან, მასზე, როგორც წესი, უფრო ხანგრძლივი ქარხნული გარანტიაც ვრცელდება.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ელექტრომობილს ბატარეის შეკეთება მაინც დასჭირდა, კვლევა გვაფრთხილებს, რომ საშუალო ხარჯად 8 500 აშშ დოლარი მაინც უნდა გაითვალისწინოთ. გამოდის, რომ ბატარეის შეცვლა EV-ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული პრობლემაა, თუმცა არა იმდენად ხშირი, რომ სხვა ნაწილების ხარჯები გადაფაროს. 

Warrantywise-ის ანგარიშმა ასევე აჩვენა, რომ ელექტრომობილების შეკეთების საშუალო ღირებულება 2024-დან 2025 წლამდე 10.7%-ითაა გაზრდილი. თუმცა, სპეციალისტები გვამშვიდებენ და გვეუბნებიან, რომ ეს ავტომობილების საიმედოობის გაუარესებას არ ნიშნავს — ზრდაზე გავლენას, დიდი ალბათობით, ინფლაცია, სერვისის გაძვირება და სათადარიგო ნაწილების ფასების მატება ახდენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები