ევროპაში ბიუჯეტური ჩინური საბურავები გაძვირდება | მიზეზები
ევროკავშირმა, ადგილობრივი ავტომწარმოებლების დასაცავად, ჩინეთიდან იმპორტირებულ ელექტრომობილებზე მასშტაბური ტარიფები ჯერ კიდევ გასულ წელს აამოქმედა, მალე კი შესაძლოა ეს შეზღუდვები დამუხტვად ჰიბრიდებზეც გავრცელდეს. თუმცა, როგორც ირკვევა, ბრიუსელის სამიზნე მხოლოდ ავტომობილები არ არის — ამჯერად მკაცრი ფინანსური დარტყმა ჩინურმა საბურავების მწარმოებელმა კომპანიებმა მიიღეს.

ჩინური საბურავების პოპულარობა ევროპაში, ავტომობილების მსგავსად, ელვისებურად გაიზარდა. 2021 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში მათი საბაზრო წილი ევროკავშირში 18%-დან 28%-მდე გაიზარდა, რაც მხოლოდ 2024 წელს იმპორტირებულ 93 მილიონ ერთეულ საბურავს ნიშნავს. სტატისტიკისთვის, იმავე წელს ევროკავშირში ჯამში 336 მილიონი სამგზავრო და მსუბუქი კომერციული მანქანის საბურავი გამოიყენეს. ბრიუსელის ახალი ტარიფები სწორედ ამ დომინაციის შეჩერებას და ისეთი ადგილობრივი გიგანტების გადარჩენას ისახავს მიზნად, როგორებიც Micheli-ი, Pirelli და Continental-ი არიან.
ანტიდემპინგური გადასახადი: რამდენით გაძვირდება საბურავები?
ახალი რეგულაციით, ისეთი ჩინური მწარმოებლები, როგორიცაა Shandong Yongsheng და სხვა ბრენდები, რომლებმაც ინდივიდუალური შეღავათიანი განაკვეთი ვერ მიიღეს, 45.3%-იანი საბაჟო ტარიფით დაიბეგრებიან. ელექტრომობილების მსგავსად, აქაც მოქმედებს შეღავათი: კომპანიები, რომლებიც გამოძიების პროცესში ევროკომისიასთან აქტიურად თანამშრომლობდნენ, შემცირებული, 24.4%-იანი ტარიფით ისარგებლებენ.

გერმანული გამოცემა Automobilwoche-ს ცნობით, ეს პროცენტული გადასახადი ვრცელდება საბურავის საიმპორტო (თვითღირებულების) და არა საცალო გასაყიდ ფასზე. 2024 წელს ჩინური საბურავის საშუალო საიმპორტო ფასი 30.30 ევროს ($34.60) შეადგენდა. შესაბამისად:
-
45.3%-იანი ტარიფი თითო საბურავს საწყის ეტაპზევე დაახლოებით 13.70 ევროს ($15.60) დაუმატებს.
-
24.4%-იანი ტარიფი ფასს დაახლოებით 7.40 ევროთი ($8.40) გაზრდის.
დღგ-ის გათვალისწინებით, საბოლოო მომხმარებლისთვის თითო საბურავის ფასი, მაღაზიების მიერ საკუთარი მარჟების დამატებამდე, დაახლოებით 9-დან 16 ევრომდე (10-18 დოლარი) გაიზრდება. ეს დარტყმა ყველაზე მტკივნეული ბიუჯეტური (იაფიანი) საბურავების სეგმენტისთვის იქნება.
როგორ მივიდა საქმე აქამდე?
ბრიუსელმა ჩინური კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება 2025 წლის მაისში დაიწყო, მას შემდეგ რაც ევროპელ მწარმოებელთა ასოციაციამ ოფიციალური საჩივარი შეიტანა. ასოციაცია ამტკიცებდა, რომ ჩინური მხარე დემპინგს (ფასების ხელოვნურ დაგდებას) 41%-დან 104%-მდე დიაპაზონში ახდენდა და პროდუქციას რეალურ ღირებულებაზე 30%-დან 65%-მდე იაფად ყიდდა.

საინტერესოა სამხრეთკორეული ბრენდის, Hankook-ის შემთხვევა, რომელიც ქარხნებს ჩინეთშიც ფლობს. მათზე სიმბოლური, მხოლოდ 4.3%-იანი ტარიფი გავრცელდა. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ Hankook-ის ჩინური ქარხნებიც დაბალ ფასებს იყენებდნენ, ამას ევროპული ინდუსტრიისთვის დიდი ზიანი არ მიუყენებია. გარდა ამისა, ამ ბრენდის პროდუქცია საშუალოზე მაღალ სეგმენტს მიეკუთვნება და მათი ფასი ბევრად აღემატება სხვა ჩინელი კონკურენტების პროდუქციის ღირებულებას.
ჩინური მხარე და ევროპელი იმპორტიორები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ბაზარზე იაფი საბურავების დეფიციტს შექმნის და ფასებს კატასტროფულად გაზრდის. თუმცა, ევროკომისიამ ეს არგუმენტები არ მიიღო და აღნიშნა, რომ მზარდი ბაზრის ფონზეც კი, ადგილობრივმა ევროპულმა ბრენდებმა წარმოების მოცულობა, გაყიდვები და საბაზრო წილი ჩინური აგრესიული პოლიტიკის გამო მნიშვნელოვნად დაკარგეს.