პოლიცია, დევნა
Aa
Aa

ძალიან საშიში დევნის ძალიან უსაფრთხო და გონივრული დასასრული...

4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, კალიფორნიის საგზაო პატრულის ოფიცერმა დააფიქსირა მოტოციკლისტი, რომელიც 190 კმ/სთ-ზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. ბევრი სხვა საპოლიციო უწყება აშშ-ში დაუყოვნებლივ დაიწყებდა სახიფათო, მაღალსიჩქარიან დევნას გზებზე, რაც ისედაც კრიტიკულ სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებდა. თუმცა, კალიფორნიელებმა სრულიად განსხვავებული გზა აირჩიეს — მათ გამოიყენეს თავიანთი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული აქტივი (თვითმფრინავი) და ყველაზე იაფიანი ინსტრუმენტი (რაციები), რათა ინციდენტი მშვიდობიანად დაესრულებინათ.

როგორ იმუშავა საჰაერო კონტროლმა?

უწყების ინფორმაციით, პატრულის კუთვნილი თვითმფრინავი მოტოციკლისტს თვალს ციდან ადევნებდა, ხოლო მიწაზე მყოფი ეკიპაჟები რაციით მუდმივ კოორდინაციაში იყვნენ. ნაცვლად იმისა, რომ ბაიკერისთვის უკან პოლიციის მანქანები დაედევნებინათ და ეიძულებინათ ის, უფრო სწრაფად ევლო ან მანქანებს შორის სახიფათოდ გადაადგილებულიყო, ოფიცრები უბრალოდ ელოდნენ.

როდესაც მოტოციკლი საბოლოოდ გაჩერდა, პატრული მომენტალურად მიუახლოვდა და მძღოლი დააკავა. ირკვევა, რომ ინციდენტის დროს ბაიკერის სიჩქარე 210 კმ/სთ-ს აჭარბებდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მძღოლს მოტოციკლი 30 დღით ჩამოართვეს და საჯარიმოზე გადაიყვანეს. ადგილობრივი პოლიციის განყოფილების ცნობით, ეს მიმდინარე წელს სახიფათო მართვისა და პოლიციისგან გაქცევის მცდელობის გამო ტრანსპორტის ჩამორთმევის უკვე 38-ე შემთხვევა იყო.

რატომ არის ეს საუკეთესო სტრატეგია?

ორბორბლიანი ტრანსპორტის მაღალ სიჩქარეზე დევნა ყოველთვის უდიდესი რისკია როგორც თავად ბაიკერისთვის, ისე პოლიციელებისა და სხვა მძღოლებისთვის. ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მყოფი გაქცეული მძღოლები სახიფათო გადაწყვეტილებებს წამებში იღებენ და, როგორც წესი, არასწორად...

როდესაც კავშირი საჰაერო გზით მყარდება, ეს წნეხი პრაქტიკულად ქრება — ბაიკერი ვერ ხედავს მის უკან მყოფ პოლიციის ციმციმებს, შესაბამისად, აღარ ცდილობს სიჩქარის კიდევ უფრო გაზრდას თავის დასაღწევად, პოლიცია ხელსაყრელ მომენტს უსაფრთხო და კონტროლირებად გარემოში ელოდება და მინიმუმამდე მცირდება საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების დაშავების რისკი.

რა თქმა უნდა, საჰაერო მხარდაჭერა ძვირი სიამოვნებაა და ყველა განყოფილებას არ აქვს მსგავსი საშუალება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები