ჩინეთი, ელექტრომობილები, მერსედესი, მერსედეს სიელეი ელი
Aa
Aa

მერსედესმა ივნისში ჩინეთში ერთი CLA L-იც კი ვერ გაყიდა და წარმოებას აჩერებს

გერმანული ავტოგიგანტები დიდი ხანია შეეჩვივნენ ჩინეთის ბაზრისთვის საკუთარი მოდელების დაგრძელებული ვერსიების წარმოებას — იმ მომხმარებლებისთვის, ვინც სალონში დამატებით სივრცეს ითხოვს. გასულ წელს Mercedes-Benz-მა ეს უკვე ნაცადი სტრატეგია ახალი თაობის CLA-ზეც გამოცადა და სპეციალურად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის Electric CLA L შექმნა.

ასევე იხილეთ: 7 ყველაზე ცუდი მანქანა, რაც „მერსედესს“ ოდესმე შეუქმნია

მიუხედავად იმისა, რომ ამ ულტრა-ეფექტურ ელექტრო-სედანს ქაღალდზე ბევრი პლუსი აქვს, ადგილობრივი მყიდველი მისით, როგორც ჩანს, ნაკლებად მოიხიბლა. გერმანიიდან გავრცელებული ახალი ცნობების თანახმად, Mercedes-მა BAIC Motor-თან ერთობლივ საწარმოში ამ მოდელის წარმოება დროებით შეაჩერა.

კატასტროფული ციფრები: ნული გაყიდვა ივნისში

გამოცემა MBPassion-ის ინფორმაციით, წარმოების გაჩერების სავარაუდო მიზეზი გაყიდვების კატასტროფულად დაბალი მაჩვენებელია: წლის პირველ ნახევარში ჩინეთში სულ რაღაც 627 ერთეული Electric CLA L გასხვისდა.

წელი განსაკუთრებით მძიმედ დაიწყო — იანვარში მხოლოდ 35 ერთეული გაიყიდა, თებერვალში — 21, მარტში მცირედი გამოცოცხლება შეინიშნებოდა და სედანზე არჩევანი 358-მა ჩინლემა შეაჩერა; აპრილში კანონზომიერება დაბრუნდა და სულ 52 ერთეული გაიყიდა, მაისში — 161, ხოლო ივნისში, გამოცემის ცნობით, სრული კატასტროფა დატრიალდა და მაჩვენებელი 0-მდე დაეცა.

შექმნილ სიტუაციაზე Mercedes-Benz-ს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ასევე უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება პაუზა და არსებობს თუ არა შანსი, რომ შტუტგარტელებმა მოდელი ბაზრიდან საერთოდ გაიწვიონ — იმის გააზრებით, რომ ჩინური ბაზრის მოთხოვნები არასწორად შეაფასეს.

რას სთავაზობდა CLA L ჩინელ მომხმარებელს?

გლობალური ბაზრის ელექტრო-CLA-ს მსგავსად, ჩინური ვერსიაც საკმაოდ ტევადი, 89 კვტ/სთ-იანი ელემენტითაა აღჭურვილი. ჩინური CLTC ციკლით მისი სვლადი რესურსი 866 კილომეტრს აღწევს. მართალია, ეს მაჩვენებელი ჩინეთის ბაზარზე აბსოლუტური რეკორდი არ არის, მაგრამ ეფექტურობით ნამდვილად გამორჩეულია.


გარდა ამისა, მოდელს აქვს 325 კვტ-მდე სიმძლავრის სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა, რაც იმას ნიშნავს, რომ 10 წუთში ელემენტს 370 კმ მანძილისთვის საჭირო ენერგიით ავსებს.

დასავლური სტანდარტებით, ეს ფენომენალური მაჩვენებელია. თუმცა ჩინეთში, სადაც BYD-მა და სხვა ადგილობრივმა გიგანტებმა დამუხტვის ტექნოლოგიები სრულიად ახალ დონეზე აიყვანეს, გერმანული პრემიუმ-ბრენდის მონაცემები ადგილობრივებისთვის შთამბეჭდავი უკვე აღარ აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები