ისტორიაში პირველად: გერმანიაში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები ელექტრომობილებია
ევროპის უმსხვილეს საავტომობილო ბაზარზე ისტორიული ცვლილების მომსწრენი გავხდით... გერმანიაში ივნისის თვეში პირველად, ახალი ავტომობილების გაყიდვებიდან უმსხვილესი წილი სრულად ელექტრომობილებზე (BEV) მოდის. შედგად, გასული თვის შედეგებით, ელექტრომობილებმა გადაასწრეს, როგორც ჰიბრიდების, ასევე ბენზინზე მომუშავე შიგაწვისძრავიან ავტომობილების გაყიდვებს.
ასევე დაგაინტერესებთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?
გერმანიის ფედერალური საავტომობილო ტრანსპორტის უწყების მონაცემებით, ივნისში, ქვეყნის მასშტავით 84 057 ერთეული ახალი ელექტრომობილი დარეგისტრირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდამ შედარებით 78.2%-ით მეტია. შედეგად, ელექტრომობილებმა ბაზრის 28.4% დაიკავეს.
მეორე ადგილზე ჰიბრიდებია — კერძოდ კი, 2026 წლის ივნისში ჰიბრიდული ავტომობილების რეგისტრაციების რაოდენობა 83 315-ს გაუტოლდა, რაც შესაბამისად ბაზრის 28.1%-ია. ხოლო ბენზინზე მომუშავე ძრავით აღჭურვილი ავტომობილების რეგისტრაციები 20.5%-მდე შემცირდა. ივნისში ე.წ. „ტრადიციული“ ტიპის ავტობილების 60 769 ერთეული გაიყიდა. რაც შეეხება დიზელისძრავიან ავტომობილებს, მათ ბაზრის 11.4% დაიკავეს (33 862 ერთეული), ხოლო დამუხტვადი ჰიბრიდების წილი 10.9%-ით განისაზღვრა (32 212 ერთეული).

აქვე საინტერესოა, რომ ივნისში, გერმანელებს შორის ყველაზე პოპულარული ელექტრომობილი ამერიკული Tesla Model Y იყო. ერთი თვის ჭრილში, ქვეყნის მასშტაბით ამ მოდელის 6 023 ერთეული დარეგისტრირდა, ასევე მოთხოვნად მოდელებს შორისაა:
Volkswagen ID.3 — 3 514 ერთეული;
Škoda Enyaq — 3 383 ერთეული;
Škoda Elroq — 3 315 ერთეული.

გერმანიაში ივნისის ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილების ათეულში მოხვდნენ BMW X1, Mini, Audi A6 e-tron-ი, Volkswagen ID.7, Cupra Tavascan-ი და Mercedes-Benz CLA Electric-ი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ივნისში, გერმანიის მთლიან ავტობაზარზეც Tesla Model Y ერთ-ერთი ლიდერი იყო და ყველაზე გაყიდვად ყველა ტიპის ავტომობილებს შორის მესამე ადგილი დაიკავა. მას მხოლოდ Volkswagen Golf-ი (8 117 ერთეული) და Volkswagen T-Roc-ი (6 808 ერთეული) უსწრებდნენ.

ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების გაყიდვების სწრაფი ზრდის მიუხედავადაც, გერმანიის ავტოპარკში შიგაწვის ძრავის მქონე ავტომობილები კვლავ დომინირებენ. ქვეყანაში რეგისტრირებული 61.3 მილიონი ავტომობილიდან 59.3% ბენზინზე, 27% კი დიზელზე მუშაობს. ჰიბრიდების წილი 6.5%-ს, ხოლო სრულად ელექტრომობილების — 4.1%-ს შეადგენს.