ვიდეოჯარიმებზე ქულების დაკლება, დასახლებულ პუნქტებში სიჩქარის ლიმიტების 50 კმ/სთ-მდე შემცირება | ორგანიზაციების მოთხოვნა
საგზაო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ორგანიზაციები საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკას ეხმაურებიან და ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ. განცხადებაში, რომელსაც ხელს ფონდი „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ აწერენ, ორგანიზაციები დასახლებულ ტერიტორიებზე სიჩქარის ლიმიტების 50 კმ/სთ-მდე შემცირებასა და ვიდეოჯარიმებზე ქულების დაკლებას ითხოვენ.
ორგანიზაციებს განცხადებაში 2025 წლის ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა მოჰყავთ, რომლის შედეგადაც დაშავდა 8 191 და დაიღუპა 469 პირი. მათგან 114 ადამიანი სიჩქარის გადაჭარბებას ემსხვერპლა, რაც ორგანიზაციების შეფასებით, „ნათლად მიუთითებს, რომ გადაჭარბებული სიჩქარე საქართველოში სიკვდილიანი საგზაო შემთხვევების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორია“. ამასთან ერთად, გასულ წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 164 ფეხით მოსიარულე დაიღუპა, რაც ერთობლივი განცხადების თანახმად, „კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში სიჩქარის მართვის არსებული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის ყველაზე დაუცველი მონაწილეების სათანადო დაცვას“.
„2025 წელს ქვეყანაში სულ 3 332 037 ვიდეოჯარიმა გამოიწერა, საიდანაც 1 811 033, ანუ დაახლოებით 54.4%, სიჩქარის გადაჭარბებაზე მოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოჯარიმების ნახევარზე მეტი სწორედ სიჩქარის გადაჭარბებას უკავშირდება, მოქმედი კანონმდებლობით, ვიდეოჯარიმებით გამოვლენილ დარღვევებზე ქულების დაკლება არ ხდება. შედეგად, სიჩქარის გადაჭარბებისთვის პასუხისმგებლობა, უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ ფულადი სანქციით შემოიფარგლება.
პრაქტიკამ აჩვენა, რომ აღნიშნული მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს განმეორებითი დარღვევების ეფექტიან პრევენციას, რადგან ფინანსური სანქცია არ წარმოადგენს საკმარის შემაკავებელ ფაქტორს იმ მძღოლებისთვის, რომლებიც სისტემატურად არღვევენ სიჩქარის რეჟიმს და მრავალჯერადი ჯარიმების გადახდის მიუხედავად, კვლავ აგრძელებენ მაღალი სიჩქარით გადაადგილებას. ამ პრობლემას კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის ოფიციალური სტატისტიკა — 2025 წელს მართვის უფლება ქულათა სისტემის ამოწურვის გამო მხოლოდ 560 მძღოლს შეუჩერდა, მაშინ როდესაც წლის განმავლობაში სიჩქარის გადაჭარბების 1.8 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
მიგვაჩნია, რომ არსებული პრაქტიკა ვეღარ პასუხობს საგზაო უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებს და აუცილებელია სიჩქარის მართვისა და ქულათა სისტემის კომპლექსური რეფორმა. კერძოდ:
- ვიდეოჯარიმებით გამოვლენილ სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევებზე უნდა გავრცელდეს ქულების დაკლების მექანიზმი;
- უნდა გაუქმდეს ყოველი წლის დასაწყისში ქულების ერთდროული განულების პრაქტიკა და დაინერგოს მცოცავი ქულათა სისტემა, რომლის მიხედვითაც თითოეულ დაკლებულ ქულას ექნება 12-თვიანი მოქმედების ვადა და მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ აღდგება. აღნიშნული მოდელი წარმატებით გამოიყენება არაერთ ევროპულ ქვეყანაში და უზრუნველყოფს მძღოლების გრძელვადიან პასუხისმგებლობას;
- უნდა შემცირდეს სიჩქარის კონტროლისას მოქმედი ტოლერანტობის ზღვარი და განისაზღვროს არაუმეტეს 10 კმ/სთ-ისა მაგისტრალებზე, ხოლო არაუმეტეს 5 კმ/სთ-ით დასახლებულ ტერიტორიებზე, რაც გააძლიერებს სიჩქარის კონტროლის ეფექტიანობას და ხელს შეუწყობს საგზაო შემთხვევებისა და მათი სიმძიმის შემცირებას;
- უნდა შემცირდეს დასახლებულ ტერიტორიებზე მოძრაობის საერთო სიჩქარის ლიმიტი მოქმედი 60 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე. აღნიშნული ცვლილება სრულად შეესაბამება ევროპაში დამკვიდრებულ პრაქტიკას, სადაც დასახლებულ ტერიტორიებზე მოძრაობის საერთო სიჩქარის ლიმიტი, როგორც წესი, 50 კმ/სთ-ს შეადგენს. ამასთან, საგზაო უსაფრთხოების თანამედროვე პოლიტიკა ევროპის მრავალ ქვეყანაში და ქალაქში კიდევ უფრო შორს მიდის და მაღალი საფრთხის მქონე ქუჩებსა და საცხოვრებელ უბნებში ეტაპობრივად ინერგება 30 კმ/სთ-იანი სიჩქარის რეჟიმი, რაც ადასტურებს, რომ საერთაშორისო ტენდენცია სიჩქარის შემდგომი შემცირებისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების გაძლიერებისკენ არის მიმართული.
სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეული ტრაგედიების შემცირება შეუძლებელია მხოლოდ ფულადი სანქციების მეშვეობით. აუცილებელია ისეთი სამართლებრივი, ადმინისტრაციული და პრევენციული მექანიზმების დანერგვა, რომლებიც მძღოლების ქცევაზე რეალურ გავლენას მოახდენს, შეამცირებს განმეორებითი დარღვევების რაოდენობას და მნიშვნელოვნად გააძლიერებს საგზაო მოძრაობის ყველა, განსაკუთრებით კი ყველაზე დაუცველი მონაწილეების უსაფრთხოებას.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უახლოეს პერიოდში დაიწყოს სიჩქარის მართვის პოლიტიკისა და ქულათა სისტემის რეფორმა, ვიდეოჯარიმებით გამოვლენილი სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევები სრულად დააკავშიროს ქულათა სისტემასთან, დანერგოს მცოცავი ქულათა სისტემა, შეამციროს სიჩქარის კონტროლისას მოქმედი ტოლერანტობის ზღვარი და დასახლებულ ტერიტორიებზე მოძრაობის საერთო სიჩქარის ლიმიტი 60 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე შეამციროს. აღნიშნული ცვლილებები წარმოადგენს აუცილებელ ნაბიჯს სიჩქარის გადაჭარბების ეფექტიანი პრევენციისთვის, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და ადამიანების სიცოცხლის დასაცავად“, — ვკითხულობთ ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.