ფორმულა 1, ფორმულა 1-ის ბოლიდები, ფერარი ეფ1, ფერარი ეფ1-91
Aa
Aa

უფრო დიდი, მძიმე და უსაფრთხო | როგორ შეიცვალა Formula 1-ის ბოლიდები 1991 წლიდან დღემდე?

თანამედროვე Formula 1-ში ავტომობილები წარსულთან შედარებით ზომაში საგრძნობლად გაზრდილი, დამძიმებული და უსაფრთხოც კია. რეალურად, თუ უახლოეს ბოლიდებს 1990-იანი წლების F1-ის მანქანებს შევადარებთ, ისინი ახალგაზრდული სერიის ავტომობილებს უფრო მოგვაგონებენ, ვიდრე ავტოსპორტის უმაღლესი ჩემპიონატის ახლებური სტანდარტებით შემუშავებულ ბოლიდებს.

ამის კარგი მაგალითია 1991 წლის Ferrari F1-91-ისა და 2025 წლის რეგლამენტით შექმნილი ბოლიდების შედარება. Ferrari F1-91-ის სიგრძე დაახლოებით 4.4 მეტრი იყო, ხოლო წონა — 505 კილოგრამი. ამის საპირისპიროდ, 2025 წლის ჩემპიონატისთვის შექმნილი ბოლიდების სიგრძე 5.5 მეტრს აღწევს, ხოლო FIA-ს მიერ ახალი სტანდარტებით დადგენილი წონა, თანაც საწვავის გარეშე, 800 კილოგრამია.

ეს ნიშნავს, რომ Formula 1-ის თანამედროვე ბოლიდები დაახლოებით 25%-ით უფრო გრძელი და 58%-ით უფრო მძიმეა, ვიდრე 1991 წელს იყო. მართალია, მათი ზომები არ გაორმაგებულა, თუმცა ცვლილებები ერთი შეხედვითაც მარტივად შესამჩნევია.

საინტერესოა ისიც, რომ 1991 წლისა და 2025 წლის ბოლიდებს შორის განსხვავება მხოლოდ საერთო ზომები არაა. 2025 წლის რეგლამენტით თვლების ბაზისთვის დადგენილი ზომა მაქსიმუმ 3.6 მეტრის სიგრძეა, მაშინ, როდესაც Ferrari F1-91-ის თვლების ბაზა დაახლოებით 2.88 მეტრი იყო. აქვე უნდა ითქვას, რომ სიგრძეში განსხვავების მიუხედავად, 1991 წლის Ferrari უფრო განიერი იყო და 2.13 მეტრს აღწევდა, მაშინ, როდესაც თანამედროვე Formula 1-ის მანქანების მაქსიმალური სიგანე ორ მეტრამდეა შეზღუდული.

ექსპერტების შეფასებით, თანამედროვე ბოლიდების ზომასა და წონაში ზრდა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად გახდა საჭირო. მათ შორის ისეთი ძლიერი კონსტრუქციების დასამატებლად, როგორებიცაა „ჰალოს“ დამცავი სისტემა, ჰიბრიდული აგრეგატები, გაგრილების გაუმჯობესებული სისტემები, ავტომობილის უფრო გრძელი ძირის კონსტრუქცია და ა.შ.

მართალია, ბევრ გულშემატკივარს — და არა მხოლოდ მათ (ზოგ პილოტსაც კი) — ნოსტალგიური გრძნობები აქვს 1990-იანი წლების უფრო მსუბუქი და მოქნილი ბოლიდების მიმართ, Formula 1-ის მანქანები მათზე გაცილებით სწრაფი და, რაც მთავარია, უსაფრთხოა. უსაფრთხოების კონსტრუქციებმა კი, მათ შორის „ჰალომ“, რომლის დამატების იდეაც თავდაპირველად ბევრს არ მოსწონდა, გვაჩვენა, თუ რამდენად დიდი როლი შეუძლიათ მათ F1-ში სიცოცხლის გადარჩენაში ითამაშონ.

მაგრამ მაინც, თქვენ რომელ ეპოქას ანიჭებთ უპირატესობას? 1991 წლის „კომპაქტური“ ბოლიდები გირჩევნიათ, თუ თანამედროვე, უფრო უსაფრთხო და საგრძნობლად დიდი ზომის ბოლიდები?

მსგავსი სიახლეები