ლოგო, მაკლარენი, რებრენდინგი, სპორტქარი
Aa
Aa

McLaren-ი ლოგოსა და იდენტობას იცვლის

McLaren-ი ისტორიის ახალ ეტაპზე გადადის და ამ გარდამავალ პერიოდს განახლებული კორპორაციული სტილით აღნიშნავს. კომპანიამ ახალი ლოგო წარადგინა, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული მის ისტორიასთან და ბრენდის მომავალ სერიულ ავტომობილებზე, აქსესუარებსა და ციფრულ პლატფორმებზე ეტაპობრივად გამოჩნდება. 

ასევე იხილეთ: Mercedes, BMW, Porsche, Ferrari - რას მალავენ საავტომობილო ლოგოები?

რებრენდინგის შთაგონების წყარო ახალ ზელანდიაში, ქალაქ ოკლენდში მდებარე სერვის-ცენტრის აბრა გახდა. აღნიშნულ ავტოსახელოსნოს ბრიუს მაკლარენის მშობლები ფლობდნენ და მან გადამწყვეტი როლი ითამაშა დამფუძნებლის საინჟინრო ნიჭის განვითარებაში — სწორედ იქ გადააკეთა ბრიუსმა 1929 წლის Austin Seven-ი, რომლითაც მურივაის სანაპიროზე პირველ რბოლაში იასპარეზა და სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა.

ახალი ლოგო სწორედ იმ ისტორიული აბრის თანამედროვე ევოლუციაა, რომელიც სპეციალურად შექმნილ შრიფტს — McLaren Sans-ს იყენებს. მისი მთავარი დამახასიათებელი დეტალი ასო C-ს ქვეშ არსებული ჰორიზონტალური ხაზია. გარდა ამისა, წინა ლოგოსგან განსხვავებით, ახალ ვერსიაში ყველა ასო დიდი ზომისაა. საინტერესოა, რომ ბრენდის ახალი ფლაგმანური ჰიპერქარი McLaren W1, სავარაუდოდ, ბოლო მოდელი იქნება, რომლის ცხვირზეც ძველი ლოგო განთავსდება.

ამასთან, McLaren-ი ინარჩუნებს თავის ლეგენდარულ Speedmark-ის სიმბოლოსა და Speedy Kiwi-ს ემბლემას, რომელიც მის ახალზელანდიურ ფესვებს უსვამს ხაზს. რაც შეეხება განახლებულ ფერთა პალიტრას, ტრადიციულ Papaya-ს (ნარინჯისფერი) დაემატა Ember-ი (მოწითალო ნარინჯისფერი), Midnight-ი (ლურჯი), შავი, ანტრაციტი, Colnbrook-ი (ვერცხლისფერი) და Mist-ი (თეთრი). ეს ფერები აღებულია ერთი ისტორიული ფოტოდან, სადაც მაკლარენი თავისი ბოლიდის საბურავზე ზის. კომპანიის განცხადებით, ეს ვიზუალური იდენტობა ერთიანობაში მოიყვანს McLaren Automotive-ისა და McLaren Racing-ის წარსულს, აწმყოსა და მომავალს.

„McLaren-ში არის რაღაც უნიკალური და განსაკუთრებული. ჩვენი ისტორიის მანძილზე არასდროს ვყოფილვართ კმაყოფილნი უკვე გაკვალული გზით სიარულით. ჩვენ ყოველთვის წინ ვიყურებით და გვამოძრავებს სურვილი, შევქმნათ ინოვაციები და გადავაბიჯოთ მოლოდინებს. ვიზუალური იდენტობის ეს ევოლუცია სწორედ ამ სულს ასახავს და ახალი თავის დასაწყისს აღნიშნავს“, — აღნიშნა McLaren Automotive-ის მთავარმა კრეატიულმა დირექტორმა, დევიდ ვუდჰაუსმა.

ახალი იმიჯის ოფიციალურ დებიუტამდე, McLaren-მა პირველი მინიშნება გასულ აგვისტოს, Monterey Car Week-ზე წარმოდგენილი McL 6GT-ით მოგვცა. შუაძრავიანმა სუპერქარმა, რომელიც კლასიკური M6GT სარბოლო ავტომობილით იყო შთაგონებული, უკანა ფარებს შორის სწორედ ეს ახალი შრიფტი გამოაჩინა.

რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, ისინი საკმაოდ თვალსაჩინოა. McLaren-მა ახლახან განაცხადა დიდ ბრიტანეთში მეორე ქარხნის მშენებლობისა და საკუთარი ძრავების წარმოებაზე გადასვლის შესახებ, რისთვისაც 500 მილიონი ფუნტი სტერლინგის ინვესტიცია გამოყო. გარდა ამისა, საწარმოო ხაზი გაფართოვდება წინაძრავიანი, ორრიგიანი ავტომობილებით, მათ შორის McLaren-ის ისტორიაში პირველი SUV-ით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები