საქართველო, ჩინეთი, ავტოიმპორტი, ჩინური ელექტრომობილები, ჩინური ავტომობილები
Aa
Aa

„ჩინური ავტომობილები კლავს ბრენდულ მანქანებს - რაც სომხეთში 4 წლის წინ დაიწყო, ახლა ხდება საქართველოში“

„რაც სომხეთში 4 წლის წინ დაიწყო, ახლა ხდება საქართველოში — ერევანში რომ ჩადიხარ, 80% ჩინური ავტომობილი დადის“, — ამის შესახებ Carmark-ის დირექტორმა ირაკლი კუხიანიძემ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დღეს ჩინური ავტომობილები სერიოზულ კონკურენციაში არიან მსოფლიოში ცნობილ დიდ ბრენდებთან, რომელთა გაყიდვები მცირდება. აღნიშნულით ირაკლი კუხიანიძე გამოეხმაურა მოსაზრებას, რომ საქართველოში 2 აპრილიდან ამოქმედებულმა რეგულაციამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს დიდ ბრენდებს, რომლებიც ახალ ავტომობილებს ყიდიან.

Carmark-ის დირექტორის შეფასებით, რეგულაციამ ხელი შეუწყო ქვეყანაში ჩინური ავტომობილების შემოსვლას.

„საქართველო არ არის მზად იმისთვის, რომ ამხელა ფასიანი ახალი ავტომობილები გაიყიდოს, იმ რაოდენობის მყიდველი არ ჰყავს ახალ ავტომობილებს, რა რაოდენობაც ჰყავდა — დამტვრეულ მანქანებს. ამ რეგულაციამ ხელი შეუწყო ჩინური ავტომობილების შემოსვლას ქვეყანაში. ჩინური ავტომობილები პირდაპირ კლავს ბრენდულ ავტომობილებს, იგივე BMW-ს, Mercedes-ს, Toyota-ს.

ჩვენ გვყავს ჩინელი პარტნიორები, რომლებიც ჩინური ავტომობილების გარდა, ასევე არიან BMW-ს და Toyota-ს ოფიციალური დილერები ჩინეთის რამდენიმე პროვინციაში და ისინი გვეუბნებიან, რომ ბოლო 3 წელია ჩინურმა ავტომობილებმა მოგვიკლა ბიზნესიო. Toyota-ს მინუსით ვყიდით ყოველ წელსო და BMW-ზე თავს ძლივს ვინახავთო. ჩვენს კონცერნში ჩინური ბრენდები რომ არ გვქონდეს დამატებული, დავიღუპებოდითო.

ასე რომ, სულ არ უხარიათ ახალი ავტომობილების დილერებს ჩინური ავტომობილების შემოსვლა, რადგან დიდი კონკურენციაა. ჩინური ავტომობილები სულ უფრო ძლიერად შემოდიან. ჩვენ სომხეთშიც გვყავს წარმომადგენლობა და რაც სომხეთში 4 წლის წინ დაიწყო, ახლა ხდება საქართველოში. ერევანში რომ ჩადიხარ, 80% ჩინური ავტომობილი დადის“, — განაცხადა ირაკლი კუხიანიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის აპრილიდან ქვეყანაში ახალი წესები ამოქმედდა, რითაც 2024 წლამდე გამოშვებული ავტომობილების განბაჟება გაძვირდა. ამან კი, დილერების თქმით, ელექტრომობილებზე მოთხოვნა გაზარდა.

ცვლილებების მიხედვით, 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილების ნაწილისთვის აქციზის განაკვეთი ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე 1.5 ლარით განისაზღვრა. 2024-2025 წლებში გამოშვებული ავტომობილებისთვის აღნიშნული ტარიფი ისედაც 1.5 ლარს შეადგენდა, შესაბამისად, ცვლილება ძირითადად 2020-2021-2022-2023 წლებში გამოშვებულ ავტომობილებს შეეხო. ამ კატეგორიის ავტომობილებზე აქამდე მოქმედი განბაჟების ტარიფი ძრავის 1 კუბურ სანტიმეტრზე 0.8-1.4 ლარის ფარგლებში მერყეობდა.

რაც შეეხება 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებს, მათზე აქციზის განაკვეთი ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე 4.5 ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, ამ კატეგორიის ავტომობილების განბაჟების ტარიფი 5.6-ჯერ გაიზარდა — აქამდე მოქმედი წესით, 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების ძრავის თითოეული კუბური სანტიმეტრი 0.8 ლარის აქციზით იბეგრებოდა.

წყარო - BPN

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები