თბილისის შემოვლითი გზის პროექტს აზიის განვითარების ბანკი $250 მილიონით დააფინანსებს
თბილისის შემოვლითი გზის პროექტს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. დაფინანსების მოცულობა 250 მილიონი აშშ დოლარია. ამის შესახებ თავად ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ვკითხულობთ. ADB-ის დაფინანსება მოიცავს მე-4 ლოტს — თბილისის აეროპორტიდან ლოჭინამდე და მე-5 ლოტს — ლოჭინიდან რუსთავამდე.
„აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა 250 მილიონი დოლარის ($) სესხი თბილისის სტრატეგიული მნიშვნელობის შემოვლითი გზის მშენებლობის მხარდასაჭერად, რაც გააუმჯობესებს საგზაო დაკავშირებას, შეამცირებს სატრანსპორტო გადატვირთვას და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის, როლს“, — ვკითხულობთ განცხადებაში.
 
ასევე დაგაინტერესებთ: როგორი იქნება და სად გაივლის თბილისის აეროპორტი-რუსთავის ახალი გზა
ცნობისთვის, აღნიშნული პროექტი თბილისის შემოვლითი გზის 18.9-კილომეტრიანი, ოთხზოლიანი მონაკვეთის მშენებლობას მოიცავს, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მნიშვნელოვან ნაწილს განაახლებს. მოძრაობის გადამისამართება დედაქალაქის გვერდის ავლით შეამსუბუქებს თბილისის სატრანსპორტო დატვირთვას და გააუმჯობესებს ტვირთებისა და ხალხის გადაადგილებას.
„საქართველოს მდებარეობა ევროპა-აზიის გასაყარზე მას მნიშვნელოვან პოტენციალს აძლევს, გახდეს რეგიონული სატრანსპორტო ჰაბი,“ განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში, ლესლი ბეარმან ლამმა. „თბილისის შემოვლითი გზა ამ პოტენციალის სრულად გამოყენებას შეუწყობს ხელს, რადგან შეამცირებს გზების გადატვირთვას და გააუმჯობესებს ტვირთების გადაზიდვას. მსგავსი პროექტების მეშვეობით ჩვენ რეალობად ვაქცევთ საქართველოსთან პარტნიორობის სტრატეგიით გათვალისწინებულ ხედვას, რათა ქვეყანა გახდეს უკეთ დაკავშირებული და კონკურენტუნარიანი“, — განაცხადა საქართველოში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლამმა.
 
როგორც განცხადებიდან ვკითხულობთ, ახალი გზა, როგორც ადგილობრივი, ისე ტრანზიტული მოძრაობისთვის, მგზავრობის დროს შეამოკლებს, ასევე შეამცირებს სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ხარჯებსა და გამონაბოლქვს.
„პროექტი გააუმჯობესებს საგზაო ტრანსპორტის ეფექტიანობას ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) მეორე დერეფნის გასწვრივ, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტს. ეს ხელს შეუწყობს საქართველოსთვის ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნის ინტეგრაციას რეგიონულ და გლობალურ ბაზრებთან“, — წერია პრესრელიზში.