სუპერქარები, ბუგატი, ბუგატი ვეირონი
Aa
Aa

$42 000-იანი საბურავები Bugatti-სთვის | როგორ გადაჭრეს ინჟინრებმა 400 კმ/სთ სიჩქარის პრობლემა

Bugatti-ს ექსკლუზიური სუპერქარებისთვის განკუთვნილი საბურავების კომპლექტი ერთ დროს დაახლოებით $42 000 ღირდა. ფასი, რომელიც ბევრ ახალ ავტომობილზე ძვირიც კი იყო. თუმცა, ასეთი მაღალი ღირებულება მხოლოდ ბრენდის ექსკლუზიურობით არ იყო განპირობებული — რეალურად, ამის მიზეზი საინჟინრო კომპლექსურობით აიხსნება.

ასევე დაგაინტერესებთ: Bugatti-ის ტრაგიკული ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები

როდესაც Bugatti-მ Veyron-ის შექმნა დაიწყო, მისი მიზანი ერთი რიგითი სუპერქარის გამოშვება არ ყოფილა. ფრანგული კომპანია მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილის შექმნას ცდილობდა — 1 000 ცხენის ძალაზე მეტი სიმძლავრით, 400 კმ/სთ-ზე მეტი მაქსიმალური სიჩქარითა და თითქმის ორი ტონის წონით. შედეგად, ამ მონაცემებით, Veyron-ისთვის სტანდარტული საბურავები სრულიად გამოუსადეგარი იყო.

ინჟინრებს კი ისეთი ტიპის საბურავები სჭირდებოდათ, რომლებიც უკიდურესად მაღალ დატვირთვასა და ტემპერატურას გაუძლებდა. საუკეთესო ვერსიის ძიების პროცესში Bugatti-მ საბურავების რამდენიმე მწარმოებელს მიმართა და ისეთი პროდუქტის შექმნა სთხოვა, რომელიც Veyron-ის შესაძლებლობებს გაუძლებდა. თუმცა, კომპანიების უმეტესობამ განუცხადა, რომ ასეთი რამ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

შესაძლოა, არც გაგიკვირდებათ, რომ გამოწვევა საკუთარ თავზე მხოლოდ Michelin-მა მიიღო და Bugatti-ს მოთხოვნებისთვის უნიკალურ საინჟინრო გადაწყვეტასაც მიაგნო. Veyron-ის თითოეული საბურავი ხელით მზადდებოდა და, რა გასაკვირია, რომ ერთი კომპლექტის ფასი $42 000-ს აღწევდა. თუმცა, მათაც კი ჰქონდათ შეზღუდვები — ავტომობილის მაქსიმალურ სიჩქარეზე საბურავებს მხოლოდ 15 წუთის განმავლობაში შეეძლოთ გაეძლოთ, რადგან წარმოქმნილი სიცხე და დატვირთვები საფრთხეს ქმნიდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საბურავები სპეციალური წებოვანი ტექნოლოგიით პირდაპირ დისკზე მაგრდებოდა, რათა მაღალ სიჩქარეზე ისინი სტაბილურად ადგილზე დარჩენილიყვნენ. თუმცა, ამან დამატებით ახალი პრობლემებიც წარმოქმნა — Veyron-ის განსაკუთრებული დატვირთვის გამო, ერთ დისკზე მხოლოდ ორი კომპლექტი საბურავის გამოყენება შეიძლებოდა. ამის შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, დისკების შეცვლაც ხდებოდა საჭირო, რაც ავტომობილის ექსპლუატაციის ხარჯებს კიდევ უფრო ზრდიდა.

Veyron-ის პრობლემა, Chiron-ის გადაწყვეტა

თუმცა, მაშინ, როდესაც Bugatti-მ Chiron-ზე მუშაობა დაიწყო, კომპანიის ინჟინრები ახალი გამოწვევის წინაშე დადგნენ. მათ თან გამძლე, თან უსაფრთხო და თანაც პრაქტიკული საბურავები უნდა შეექმნათ, რომლებიც მფლობელებს უფრო დიდი ხნის განმავლობაში ემსახურებოდნენ. ახალი საბურავების შესამოწმებლად Bugatti-მ და Michelin-მა თვითმფრინავის საბურავების სატესტო მოწყობილობაც კი გამოიყენეს, რადგან სტანდარტული, ავტომობილებისთვის განკუთვნილი მოწყობილობები Bugatti-ს შესაძლებლობებს ვერ ზომავდნენ.

საბოლოოდ, წინამორბედთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული საბურავები მივიღეთ. Veyron-თან შედარებით, Chiron-ის წინა საბურავებს გზასთან კონტაქტის ფართობი 14%-ით, ხოლო უკანა საბურავებს 12%-ით მეტი აქვთ, რაც მოჭიდებას აუმჯობესებს. მთავარი განსხვავება კი ის იყო, რომ ახალი ტიპის საბურავები თავსებადი გახდა როგორც სტანდარტულ დისკებთან, ისე სტანდარტულ მონტაჟის პროცესთანაც კი. ეს ნიშნავს, რომ Veyron-ის მსგავსი სიხშირით მათი შეცვლა აღარ იყო საჭირო.

შედეგად, Chiron-ისთვის საბურავების შეცვლა მნიშვნელოვნად გაიაფდა, თუმცა, რა თქმა უნდა, სხვა სტანდარტულ სპორტქარებთან შედარებით, ისინი კვლავ უფრო ძვირი ღირს. ნაკლები ღირებულების მიუხედავად, ტექნოლოგია კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა — დაახლოებით 420 კმ/სთ სიჩქარეზე Chiron-ის საბურავები დაახლოებით 3 800G დატვირთვას განიცდიან და, მიუხედავად ამისა, ექსტრემალურ პირობებშიც უსაფრთხოების შენარჩუნებას ახერხებენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები