„აღარ ვიცი, როდის შემოვარდება მორიგი მანქანა“ | ეზოში უკვე მე-9 ავტომობილი შევარდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, მერილენდის შტატში მცხოვრებ კრისტა კონტარფიოს უკვე ორი წელია, ყოველდღიურად მუდმივი საფრთხის შეგრძნების ქვეშ უწევს ცხოვრება. ამ პერიოდში, მისი სახლის წინა ეზოში ცხრა ავტომობილი შევარდა, რის გამოც ქალი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ადგილზე სიჩქარის შემზღუდავი ბორცვების განთავსებას ითხოვს.

კანტაფიოს სახლი მკვეთრი მოსახვევის კუთხეში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ მოსახვევი შესაბამისი საგზაო ნიშნებითაცაა მონიშნული, მძღოლები გაფრთხილების მიუხედავადაც ხშირად გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობენ. შედეგად, ავტომობილი მოსახვევში კონტროლს კარგავს და პირდაპირ მის ეზოში ვარდებიან.
ინციდენტები არა მხოლოდ თავად სახლში მცხოვრები პირების უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, არამედ მათ მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანსაც აყენებს. მაგალითად, ქალს თითქმის ორი წელია საკუთარი სახსრებით უწევს დაზიანებული მოაჯირების, ხეების, გაზონისა და საფოსტო ყუთების აღდგენა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ზომები უკვე მიიღო, მათ შორის გზაზე სპეციალური ვიბრაციის მქონე ზოლებიც დაამონტაჟა, თუმცა პრობლემა მაინც ვერ მოგვარდა.

ბალტიმორის ოლქის ადმინისტრაციის განცხადებით, აღნიშნული მონაკვეთი სიჩქარის შემზღუდველი ბორცვების მოწყობისთვის საჭირო კრიტერიუმებს უკვე აკმაყოფილებს. თუმცა მათი დაყენება ავტომატურად არ ხდება — ამისთვის საჭიროა, რომ ბორცვების დაყენებას ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრებ პირთა სულ მცირე 75%-მა დაუჭიროს მხარი. თანხმობის შემთხვევაში კი მუნიციპალიტეტი პროექტის დასაფინანსებლად სახსრებს მოიძიებს.
ბოლო შემთხვევის დროს, კონტარფიოს სახლის ეზოში მუქი ლურჯი ფერის Nissan Rogue შევარდა. ინციდენტი სახლის უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ კადრებში ავტომობილის დიდ ნაწილს ეზოში მდგარი ხე ფარავს, ჩანაწერში მაინც კარგად ჩანს, როგორ შედის SUV მოსახვევში მაღალი სიჩქარით, რის შემდეგაც გაზონს კვეთს და სახლიდან მხოლოდ რამდენიმე მეტრში ჩერდება.
საბედნიეროდ, შემთხვევის მომენტში ადგილზე არავინ იმყოფებოდა და ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. თუმცა, ადგილობრივი მცხოვრებლები იმედოვნებენ, რომ მომავალში უსაფრთხოებისთვის ბევრად უფრო მკაცრი ზომები იქნება მიღებული, რაც მომავალში მსგავს შემთხვევებს თავიდან ააცილებს.