დევნა, მაზდა, მაზდა, ბიემვი იქს5, მაზდა ემექს-5, ბიემვი იქს3
Aa
Aa

მოპარული Mazda MX-5 პოლიციას ერთი საათი გაურბოდა | დევნა ავარიით დასრულდა

ავტრალიაში, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს, Mazda MX-5 NB-ით გაქცეული მძღოლის დასაკავებლად ერთ საათზე მეტი დასჭირდა. 40 წლის მამაკაცს, რომელიც მოპარული MX-5-ის მეორე თაობით გადაადგილდებოდა, მართვის მოწმობა არ ჰქონდა, რის გამოც პოლიციას სიდნეის რამდენიმე რაიონში მოუწია მისი დევნა. საბოლოოდ კი, 1-საათიანი დევნა ავარიით დასრულდა.

ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მუქი ლურჯი ფერის Mazda MX-5 პარასკევს, რედფერნის რაიონიდან მოიპარეს. სამართალდამცველებმა ავტომობილი სამშაბათს ერთ-ერთ რაიონში შენიშნეს და მძღოლს მანქანის გაჩერებისკენ მოუწოდეს. თუმცა, დამორჩილების ნაცვლად, მან სიჩქარეს მოუმატა და პოლიციის ეკიპაჟსაც დადევნება მოუხდა.

დევნის დროს მძღოლმა მიმართულება არაერთხელ შეიცვალა, მათ შორის, პოლიციელებს მისთვის გაყოლა რამდენიმე გარეუბანშიც მოუხდათ. მოპარული მანქანის მოძრაობის ტრაექტორიას აკონტროლებდა პოლიციის ვერტმფრენი, მის შესაჩერებლად კი გზებზე, რამდენიმე მონაკვეთზე, საბურავების დამზიანებელი სპეციალური ბარიერები (სპაიკები) განათავსეს. ამის მიუხედავადაც, მძღოლი ტროტუარზე გადასვლით ახერხებდა ბარიერებისთვის თავის არიდებას.

შემდგომ Mazda MX-5 უკვე M5-ის ავტომაგისტრალზე გადავიდა, სადაც დატვირთული მოძრაობის მიუხედავადაც, საპირისპირო მიმართულების ზოლში არაერთხელ გადავიდა. მის დევნაში ჩართულები იყვნენ Toyota Land Cruiser 300 Series-ის ტაქტიკური დანაყოფები, BMW 5 Series-ის საპატრულო ეკიპაჟები და არამარკირებული BMW X3-ისა და X5-ის ავტომობილები.

თუმცა, ამის მიუხედავადაც, დევნა მხოლოდ მაშინ დასრულდა, როდესაც მძღოლმა ავტომობილზე თავად დაკარგა კონტროლი. Mazda MX-5 გზიდან გადავიდა, რამდენჯერმე გადაბრუნდა და საბოლოოდ გზის ნაპირზე გაჩერდა.

შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველების ინფორმაციით, მამაკაცს საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ რამდენიმე ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. როგორც ცნობილია, დევნის დროს მამაკაცი რამდენიმე ავტომობილსაც შეეჯახა და დიდი შანსი იყო, მისი დაუდევრობის გამო ვინმე დაშავებულიყო.

რაც შეეხება თავად ავტომობილს, ავარიამდე გადაღებული კადრების მიხედვით, Mazda MX-5 NB ხისტი საბურავებით იყო აღჭურვილი, არასტანდარტული დისკებით, სპორტული სავარძლებითა და უსაფრთხოების შიდა კარკასითაც კი. თუმცა, თუ ავარიის შემდგომი ფოტოებით ვიმსჯელებთ, დიდი ალბათობით, ავტომობილი სრულად განადგურებულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები