შევროლეტი, შევროლეტ კამარო, მიტოვებული ავტომობილები
Aa
Aa

30 წლის წინ „სამუდამოდ“ გაჩერებული Chevrolet Camaro IROC-Z-ს ახალი სიცოცხლე

თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში ავტოფარეხში გამოკეტვის შემდეგ, ოდესღაც ბევრი ავტომოყვარულისთვის სასურველი Chevrolet-ი ერთ მიტოვებულ, რიგით ავტომობილად გადაიქცა. Camaro-ს ჭუჭყით დაფარულ ძარაზე რომ არაფერი ვთქვათ, მდგომარეობას ყველაზე მეტად ავტომობილის ძრავა ამძიმებდა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არავის დაუქოქავს.

ავტომობილის გადარჩენა საკუთარ თავზე WD Detailing-ის გუნდმა აიღო. პროექტი კი განსაკუთრებით საინტერესო გახდა მას შემდეგ, რაც გუნდის წევრები მიხვდნენ — საქმე ძველ სტანდარტულ Camaro-სთან არ ჰქონდათ. ავტოფარეხში მიტოვებული მოდელი Chevrolet Camaro IROC-Z იყო, სულ რაღაც 30 000 კილომეტრის გარბენით. სპეციალისტებმა მძღოლის სავარძელი, მანქანის მუხრუჭები და სხვა დეტალებიც შეამოწმეს, რომელთაც ძალიან მცირე ცვეთა ეტყობოდათ, და დაასკვნეს, რომ ოდომეტრის მაჩვენებელი რეალური იყო.

როგორც აღმოჩნდა, IROC-Z მისი ამჟამინდელი მფლობელის გარდაცვლილ ძმას ეკუთვნოდა და თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში უძრავად იდგა. ანდერძის არარსებობის გამო კი ავტომობილის გადაცემის პროცესი გაიწელა. საბოლოოდ, მანქანა მფლობელის დედას უნდა გადასცემოდა, რომელიც იმ დროისთვის მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. ამ ისტორიის გაგების შემდეგ, WD Detailing-ის გუნდის მიზანი არა მხოლოდ მოდელის გასაყიდად მომზადება, არამედ ოჯახის ისტორიის გადარჩენაც გახდა.

Camaro IROC-Z 1980-იანი წლების ამერიკული საავტომობილო კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია. მისი სახელწოდება International Race of Champions-ის რბოლებიდან მოდის, სადაც პროფესიონალი მძღოლები ერთი სტანდარტით მომზადებული ავტომობილებით ასპარეზობდნენ. ამ მოდელის საგზაო ვერსია იმდენად პოპულარული გახდა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში IROC-Z ამერიკაში ყველაზე ხშირად მოპარულ ავტომობილადაც ითვლებოდა.

Camaro-ს აღდგენის პროცესი მარტივი არ ყოფილა. WD Detailing-ის გუნდმა ჯერ ავტომობილი გარედან, დაგროვებული ჭუჭყისა და ნარჩენებისგან გაწმინდა, ძარა გააპრიალა, სალონი გაწმინდა და რამდენიმე დაზიანებული დეტალიც შეცვალა. თუმცა, როგორც თავიდანვე ნათელი იყო, მთავარი პრობლემა ძრავის ამუშავება აღმოჩნდა.

თითქმის 30 წლით უძრავად დგომის მიუხედავად, ავტომობილის დაქოქვა მოხერხდა, თუმცა ძრავას საწვავი არ მიეწოდებოდა. შემოწმებით დადგინდა, რომ დაზიანებული იყო საწვავის ტუმბო, თუმცა მისი მდებარეობის გამო (საწვავის ავზთან) ტუმბოს შეკეთება ახალ თავისტკივილად იქცა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ინჟექტორების მხოლოდ ნაწილი მუშაობდა და მათი სრულად შეცვლა გახდა საჭირო. რამდენიმედღიანი სამუშაოების შემდეგ, Camaro-მ კვლავ შეძლო სხვების დაუხმარებლად გადაადგილება.

რა თქმა უნდა, აღდგენის დასრულების შემდეგ ავტომობილის ღირებულებაც მკვეთრად გაიზარდა. სპეციალისტების შეფასებით, მიტოვებული მანქანის ფასი $4 000-დან $5 000-მდე მერყეობდა, ხოლო სრულად მოწესრიგებული და მუშა მდგომარეობაში მყოფი IROC-Z-ის ღირებულება 20 000-22 000 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები