Ferrari F40-დან Toyota Supra-მდე | ავტომოყვარულის კამერაში მოხვედრილი უნიკალური ავტომობილები
კალიფორნიაში მცხოვრებმა ავტომოყვარულმა საკუთარი გატაცება საინტერესო ჰობად აქცია. ავტომოყვარული თავისი ფოტოაპარატით რეგულარულად აფიქსირებს იმ გამორჩეულ და უნიკალურ ავტომობილებს, რომლებიც ლოს-ანჯელესის მაგისტრალზე გადაადგილდებიან. წლების განმავლობაში მან საინტერესო ფოტოკატალოგიც შექმნა, რომელშიც არაერთი თქვენთვის საყვარელი მოდელის პოვნას შეძლებთ. აქვეა ისეთი იშვიათი და საკოლექციო მოდელები, რომელთა ფასიც დღეს მილიონობით აშშ დოლარს აღწევს.


კალიფორნიაში ძვირად ღირებული სუპერქარებით გადაადგილება, რა თქმა უნდა, არავის უკვირს. მიუხედავად იმისა, რომ შტატში საწვავის ფასები, ისევე როგორც გადასახადები, მაღალია, მსგავსი ავტომობილების მფლობელთათვის ის მაინც საყვარელ საცხოვრებელ ადგილად რჩება. ექსკლუზიური ავტომობილების შეძენა და მოვლა კი მათთვის, თუ კალიფორნიის მოსახლეობის შემოსავლებს გავითვალისწინებთ, პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს.


ასე რომ, არავისთვის იქნება გასაკვირი იმ ავტომობილების სახელებიც, რომელთა პოვნაც მოყვარული ფოტოგრაფის ალბომში შეგვიძლია. მათ შორისაა ბრიტანული TVR Tuscan-ი, იტალიური Lancia Delta Integrale, რამდენიმე Ford GT, Lotus Exige, Porsche Carrera GT, Ferrari F40, Lamborghini Countach-ი, Mercedes-Benz SLR McLaren-ი, Porsche 918 Spyder-ი, ასევე Aston Martin-ის რამდენიმე ძვირად ღირებული მოდელიც.
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს Lexus LFA. მოდელი ბაზარზე დაახლოებით 16 წლის წინ გამოჩნდა და არაერთგვაროვანი შეფასებებიც დაიმსახურა. თუმცა, დროთა განმავლობაში, ის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად იაპონურ სუპერქარად იქცა. დღეს Lexus LFA-ს გამორჩეული ეგზემპლარების ღირებულება $1 მილიონსაც კი უახლოვდება. ფოტოობიექტივში მოხვდნენ იაპონური ავტოინდუსტრიის სხვა ლეგენდარული წარმომადგენლებიც, მათ შორის Nissan Skyline R33, Mitsubishi Lancer Evolution-ი, Acura NSX და Toyota Supra.

საუბარი გვაქვს ნარინჯისფერ Toyota Supra-ზე, რომელიც, ალბათ, გეცნობათ კიდეც. ეს მოდელი თითქმის სრულიად იდენტურია იმ ავტომობილისა, რომლის საჭესთანაც Fast & Furious-ის პირველ ნაწილში პოლ უოკერისა და ვინ დიზელის პერსონაჟები ვიხილეთ. კალიფორნიის გზებზე დაფიქსირებული Supra ფილმში გამოყენებული „10-წამიანი მანქანის“ რეალური ვერსიაა თუ კარგი რეპლიკა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება.


ცნობისთვის, ფილმში გამოყენებული ორიგინალი Toyota Supra-დან ერთ-ერთი 2021 წელს აუქციონზე დაახლოებით 550 000 აშშ დოლარად გაიყიდა. შესაბამისად, თუ კალიფორნიის გზებზე გადაღებული სწორედ ეს ეგზემპლარია, მაშინ საუბარი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ Toyota-ზე გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, კალიფორნიის მკვიდრს საკულტო მოდელში ამ ნახევარ მილიონზე მეტის გადახდაც კი არ გაუჭირდებოდა.