რატომ გაქრა ავტომობილების კაპოტებიდან ცნობილი ორნამენტები?
ერთ დროს ავტომობილების კაპოტზე დამაგრებული ქრომირებული ფიგურები ავტომწარმოებლების იდენტობის განუყოფელი ნაწილი იყო. Cadillac-ის Flying Goddess-ი, Jaguar-ის Leaper-ი, Mercedes-Benz-ის სამქიმიანი ვარსკვლავი და Rolls-Royce-ის Spirit of Ecstasy ათწლეულების განმავლობაში ავტომობილებს განსაკუთრებულ ხასიათს და, რა თქმა უნდა, პრესტიჟს მატებდა.
დღეს კი, მსგავსი დეტალები ავტომობილებზე ძალიან იშვიათად თუ გვხვდება. კაპოტის ორნამენტები მანქანებიდან თითქოს ერთდროულად გაქრა და ამას რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს — შეიცვალა უსაფრთხოების მოთხოვნები, თანამედროვე ავტომობილების დიზაინი და მომხმარებელთა მოლოდინებიც კი.

საიდან გაჩნდა კაპოტზე ორნამენტები?
რეალურად, ისტორიულად პირველი კაპოტის ორნამენტი მხოლოდ დეკორაციისთვის არ შექმნილა. ძველ ავტომობილებში რადიატორის ხუფი ავტომობილის წინა ნაწილში, მძღოლის პირისპირ იყო დამაგრებული. ხოლო სპეციალური მოწყობილობები, მაგალითად Boyce MotoMeter-ი, რადიატორის თავზე დამონტაჟებული ტემპერატურის საზომი იყო — მძღოლს ძრავის გაგრილების სისტემის კონტროლში ეხმარებოდა და გადახურების შესახებაც ატყობინებდა. მოგვიანებით, როდესაც უკვე ეს ფუნქცია დაკარგეს, ავტომწარმოებლებმა მათი გაფორმება დაიწყეს და ასე გაჩნდა ცხოველების, მითოლოგიური პერსონაჟებისა თუ სხვა ფორმის სიმბოლოები.
1920-30-იან წლებში კაპოტის ორნამენტები უკვე ხელოვნების ნიმუშებად იქცა. ისინი არა მხოლოდ ბრენდის იდენტობას, არამედ მფლობელის სტატუსსაც უსვამდა ხაზს.

რატომ გაქრა ავტომობილების კაპოტიდან ორნამენტები?
კაპოტის ორნამენტების გაქრობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უსაფრთხოება იყო. კაპოტის წინა ნაწილზე დამაგრებული მყარი მეტალის ფიგურა შეჯახების დროს ფეხით მოსიარულეთათვის დამატებით საფრთხეს წარმოადგენდა. ახალი რეგულაციებით, ავტომწარმოებლებს დაავალეს მსგავსი დეტალები საერთოდ შეეცვალათ ან უბრალოდ მოეშორებინათ. ავტომწარმოებელთა დიდმა ნაწილმა კი შედარებით მარტივი მიდგომა აირჩია — მოცულობითი ემბლემები ბრტყელი ლოგოებით ჩაანაცვლა.
კიდევ ერთი მიზეზი გახშირებული ქურდობები გახდა. მძარცველებმა მალევე აღმოაჩინეს, რომ კაპოტის ორნამენტები მარტივი მოსაპარი იყო, განსაკუთრებით კი, ხელს Mercedes-Benz-ის სამქიმიან ვარსკვლავს აყოლებდნენ. ამის გამო, ავტომობილების მფლობელები მოსახსნელ ვერსიებს იყენებდნენ და ავტომობილის გაჩერებისას ორნამენტები თან მიჰქონდათ. ეს დამატებითი ხარჯი იყო ავტომწარმოებლებისთვისაც, რომელთაც დაზიანებული ან დაკარგული ორნამენტის შეცვლა უხდებოდათ.

ბოლოს კი, კლასიკური ფიგურები თანამედროვე დიზაინმა ჩაანაცვლა. მნიშვნელოვნად შეიცვალა ავტომობილების ფორმაც — ძველ მანქანებს უფრო მაღალი რადიატორი და გრძელი კაპოტი ჰქონდა და ფიგურაც ბევრად ბუნებრივად გამოიყურებოდა. თანამედროვე ავტომობილებს კი უფრო დაბალი და აეროდინამიკური დიზაინი აქვთ. ასეთ ფორმებზე ძველი სტილის ორნამენტები ხშირად შეუსაბამოა.
ამასთან ერთად, ბრენდებმა ავტომობილის ამოსაცნობად სხვა ხერხებსაც მიაქციეს ყურადღება. მაგალითად, BMW-ს დიდი ზომის ცხაურა, Audi-ს გამორჩეული წინა ნაწილი, Lexus-ის დიზაინი და თანამედროვე LED-განათებებიც, შინაარსობრივად, იმ ფუნქციას ასრულებს, რასაც ადრე კაპოტის ემბლემა აკეთებდა.
ამის მიუხედავადაც, ავტომწარმოებლების ნაწილი ორნამენტებს კვლავ იყენებს. მათ შორისაა Rolls-Royce, რომელმაც თავისი საკულტო Spirit of Ecstasy შეინარჩუნა და მისი დიზაინიც თანამედროვე ავტომობილებისთვის განაახლა. იგივე ტრადიცია Mercedes-Benz-ისა და Bentley-ის რამდენიმე მოდელშიც გრძელდება. თუმცა ავტომობილების დიდ ნაწილში მათი ადგილი განათებულმა ლოგოებმა, მასშტაბურმა ცხაურებმა და უნიკალურმა LED-განათების სისტემებმა დაიკავა.