Tesla-ს მფრინავ Roadster-ს „წესით“ ამ თვეში ვიხილავთ
ალბათ ბევრს აღარც ახსოვს, რომ Tesla-ს მილიარდერი ხელმძღვანელი — რომელიც ამავდროულად მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანიც გახლავთ — რამდენიმე წლის წინ ახალი Roadster-ის გამოშვებას დაგვპირდა. მას შემდეგ კი, უბრალოდ, თითქმის ყოველ თვე მოდელის დებიუტის თარიღს ავადებს. ბოლო ცნობებით, Roadster-ის დიზაინის პრეზენტაცია 1 აპრილს უნდა შემდგარიყო, თუმცა კვლავ გადაიდო.

მაგრამ, თუ ამჟამად The Information-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის დაპირებული სუპერქარი ამ თვეში უნდა ვიხილოთ. იმავე პრეზენტაციაზე Tesla-მ შესაძლოა SpaceX-ის მიერ შექმნილი ცივი აირის რეაქტიული სისტემაც წარადგინოს. ეს უკანასკნელი კი Roadster-ს ისეთ დიზაინს მისცემს, თითქოს ავტომობილი ფრენისთვისაა მზად. თუმცა, დაახლოებით 10-წლიანი ლოდინის შემდეგ, ალბათ, უკვე აღარავის სჯერა, რომ Roadster-ი ამ თვეში ან საერთოდ ოდესმე მომხმარებლებამდე მივა.
The Information-ის ცნობით, ღონისძიება შესაძლოა SpaceX-ის ტეხასის შტატში მდებარე სატესტო პოლიგონზე გაიმართოს. დამატებით, Reuters-ი წერს, რომ არსებობს შანსი, პრეზენტაციაზე Roadster-ის შეზღუდული რაოდენობით წარმოებული ვერსიაც ვიხილოთ — სწორედ ეს უკანასკნელი იქნება SpaceX-ის რეაქტიული სისტემით აღჭურვილი.

თავად მასკი ამ ტექნოლოგიაზე წლების განმავლობაში საუბრობდა. სავარაუდოდ, ავტომობილი საჯარო გზებზე გამოსაყენებლად დაშვებული არ იქნება, მისი ღირებულება კი, შესაძლოა, რამდენიმე ასეული ათასი დოლარიდან რამდენიმე მილიონ დოლარამდე მერყეობდეს. ასევე არსებობს ვარაუდი, რომ Roadster-ი დისტანციურად მართვისთვის იქნება განკუთვნილი, რადგან რეაქტიული სისტემის მიერ წარმოქმნილი ძალა და ხმაური მანქანაში მგზავრების ყოფნას ძლიერ სახიფათოდ აქცევს.
შეგახსენებთ, რომ საწყისი გეგმებით Roadster-ი, რომლის პროტოტიპი Tesla-მ პირველად 2017 წელს წარმოადგინა, 2020, 2021, 2022, 2023, 2024 და „2025 წლის ბოლოსაც კი“ უნდა გამოჩენილიყო.
ვრცლად: Tesla-მ „2017 წლის სუპერქარისთვის“ ახალი სავარძლის პატენტი წარადგინა

მიუხედავად გადავადებისა, Tesla უკან დახევას არ გეგმავს და, ამასთან, მომავალ Roadster-ზეც დიდ იმედებს ამყარებს. კომპანიის ხელმძღვანელისა და გუნდის სხვა წევრების შეფასებით, ეს იქნება მოდელი, რომელიც ტრადიციულ ავტომობილებთან შედარებით ელექტრომობილის უპირატესობას ყველას დაუმტკიცებს. რამდენიმე თვის წინ Tesla-მ მოდელისთვის ახალი სავარძლის პატენტიც წარადგინა, რომელიც სტანდარტულად მხოლოდ მაღალი კლასის სპორტული ავტომობილებისთვის განკუთვნილ ხარისხსა და ფუნქციებს უზრუნველყოფს.
You will get flying cars
— Elon Musk (@elonmusk) August 12, 2026
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ისიც თქვა, რომ Tesla Roadster-ი უფრო „გიჟური იქნებოდა, ვიდრე ის მოდელი, რომელსაც ჯეიმს ბონდის ყველა მანქანის გაერთიანებით მივიღებდით“. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ ერთი გზა დაგვრჩა და ეს Tesla-ს ლოდინია, სანამ Roadster-ს მისთვის შესაფერის დონეზე არ დახვეწს. ყოველ შემთხვევაში, თავად მილიარდერი, მფრინავი ავტომობილის გამოშვებას კვლავ გვპირდება.
აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ Tesla-მ სტანდარტული Roadster-ის შეძენის მსურველებისგან ადრე $50 000-იანი დეპოზიტიც მოითხოვა. ხოლო Founders Series-ისთვის წინასწარი შენატანი $250 000 იყო. შედეგად, ამ ავტომობილის მომავალი მფლობელები Roadster-ს უკვე წლებია ელოდებიან. მათ შორის კი იყო OpenAI-ს აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმანი. Roadster-ის ლოდინით დაიღალა და Tesla-ს დეპოზიტის დაბრუნება მოთხოვა. ამ ისტორიას და მის დასასრულს შეგიძლიათ ზემოთ მითითებულ ლინკზე გაეცნოთ...