აუქციონი, აირტონ სენა, ჰონდა, ჰონდა ენესიქსი
Aa
Aa

აირტონ სენას კუთვნილი Honda NSX აუქციონზეა | ფასი $1 მილიონს აღწევს

Formula 1-ის ლეგენდარული მრბოლელის, აირტონ სენას საკუთრებაში არსებული Honda NSX აუქციონზეა გამოტანილი. ლეგენდარული სპორტქარის ღირებულებას $682 000-დან $1 მილიონამდე აფასებენ. შავი სახურავის მქონე წითელი NSX ბრაზილიელ ჩემპიონს პირადი სარგებლობისთვის იაპონურმა ავტომწარმოებელმა 1991 წელს გადასცა. სენა მას ევროპაში ყოფნის პერიოდში რეგულარულად იყენებდა.

ასევე დაგაინტერესებთ: NSX-ის გიჟური ისტორია - როგორ გაანადგურა Ferrari და Lamborghini?

სენასა და Honda-ს თანამშრომლობა 1987 წელს დაიწყო. იმ დროს იაპონური კომპანია Team Lotus-ს ძრავებით ამარაგებდა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, ბრაზილიელი პილოტი McLaren Honda-ს შეუერთდა და მალევე პირველი მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა. იმ პერიოდში Honda სრულად ახალ სუპერქარზე მუშაობდა, რომელიც Ferrari-სა და Porsche-ს მოდელების ღირსეული კონკურენტი იქნებოდა. ამ პროექტის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი თავად სენამაც ითამაშა.

ბრაზილიელმა პილოტმა NSX-ის რამდენიმე პროტოტიპი გამოსცადა და Honda-ს ინჟინრებს ავტომობილზე საკუთარი შეხედულებებიც გაუზიარა. სწორედ აირტონ სენას რეკომენდაციების შემდეგ Honda-მ კონსტრუქციის სიმტკიცე დაახლოებით 50%-ით გაზარდა და დაკიდების სისტემაც შეიმუშავა. ეს არის მიზეზი, რის გამოც ბევრი ინჟინერი NSX-ის სერიული წარმოების ვერსიის შექმნაში სენას როლს მნიშვნელოვნად აფასებს.

აუქციონზე წარმოდგენილი ავტომობილი შასის ნომრით T000233-ია. Honda-მ ის პორტუგალიაში ჩაიყვანა, სადაც სენას განკარგულებაში გადავიდა. NSX სენამ 1991 წლის 22 მარტს დაარეგისტრირა, სანომრე ნიშნად SX-25-59-ით. ამის შემდგომ ბრაზილიელი პილოტი ავტომობილს რეგულარულად იყენებდა. ეს მოდელი გამოყენებულია დოკუმენტურ ფილმშიც, Ayrton Senna: Racing Is In My Blood. ასევე ძალიან ცნობილია ფოტო, რომელზეც სენა საკუთარ წითელ Honda NSX-ს ბაღის შლანგით რეცხავს.

სენას ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ ავტომობილი პორტუგალიაში დარჩა. მოგვიანებით კი რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა. 2013 წელს გაერთიანებულ სამეფოში გადავიდა, ხოლო 2024 წელს იაპონიაში დაბრუნდა. დოკუმენტურად დადასტურებული ისტორიის, ფილმებში გამოჩენისა და სენას პირად საკუთრებაში არსებობის გავლენით კი, არაა გამორიცხული, ეს NSX აუქციონზე გაყიდულ ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ Honda-დაც იქცეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები