საინტერესო, ძრავა, უცნაური
Aa
Aa

100 000 ცხ.ძ-ის მქონე ძრავა, რომელიც კალათბურთის მოედნისხელაა

იცოდით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ძრავა არა ავტომობილს, თვითმფრინავს ან მატარებელს, არამედ უზარმაზარ საკონტეინერო გემს ამუშავებს? ამ ძრავის წონა დაახლოებით 2 300 ტონას აღწევს, სიმაღლე კი 13.4 მეტრია.

ასევე დაგაინტერესებთ: ისტორიაში ყველაზე დიდძრავიანი ავტომობილები

თქვენ წინაშეა Wärtsilä-Sulzer RTA96-C — მსოფლიოში ყველაზე მძლავრი დგუშიანი ძრავა. RTA96-C ფინეთშია შექმნილი და დაახლოებით 108 920 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. თუმცა, მის შესაძლებლობებში ყველაზე შთამბეჭდავი არა ცხენის ძალების რაოდენობა, არამედ ბრუნვის მომენტი იყო. მარტივად რომ ვთქვათ, ეს მხოლოდ ძრავა არაა, ის ინდუსტრიული ინჟინერიის ნამდვილი მონსტრია.

ფინეთში დაპროექტებული ძრავა 5 მილიონ ფუნტ-ფუტზე მეტ მაბრუნ მომენტს ავითარებს, რაც დაახლოებით 6.8 მილიონი ნიუტონ მეტრის ეკვივალენტია. არანაკლებ საინტერესოა ამ უცნაური აგრეგატის ზომებიც: ძრავის სიმაღლე 13.4 მეტრია — დაახლოებით ოთხსართულიანი შენობის სიმაღლე. წონა კი 2 300 ტონას აღწევს. შედარებისთვის, ეს დაახლოებით იმდენია, რაც ოთხი სრულად დატვირთული Airbus A380-ის მასა, რომ წარმოიდგინოთ.

მსგავსი სიმძლავრისა და ზომების აგრეგატს კი საწვავის შესაბამისი რაოდენობაც სჭირდება. როგორც ცნობილია, ძრავა საათში 6 400 ლიტრზე მეტ საწვავს მოიხმარს. ერთი შეხედვით, მსგავსი ხარჯი კოლოსალურია, თუმცა უზარმაზარი საკონტეინერო გემისთვის ეს ძრავა იყო ენერგეტიკული სისტემა, რომელსაც ოკეანის საშუალებით ათასობით ტონა ტვირთი გადაჰქონდა.

Wärtsilä-Sulzer RTA96-C-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომხმარებელი დანიური საკონტეინერო გემი Emma Maersk-ი იყო. ამ გემის ზომებიც ძრავის მსგავსად შთამბეჭდავია. წარმოდგენისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ გემბანზე ნიუ-იორკის მარათონის დისტანციის გავლას დაახლოებით 47 წრე დასჭირდებოდა. სწორედ ასეთ გემს სჭირდება ძრავა, რომელსაც ათობით ათასი ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია.

მსგავსი ძრავის შეცვლა მარტივი საქმე არცაა. ის ძვირია, საწვავსაც დიდი რაოდენობით მოიხმარს და ცალკე აღებულიც, მასშტაბური ინფრასტრუქტურაა. თუმცა, საზღვაო ტრანსპორტისთვის მისი მთავარი უპირატესობები მაინც საიმედოობა, გამძლეობა და ხანგრძლივი მუშაობის უნარია.

დღეს, როდესაც საზღვაო ტრანსპორტის ელექტრიფიკაციის გეგმებზეც აქტიურად მიდის საუბარი, ბუნებრივია, რომ ჩნდება კითხვა — შეიძლება თუ არა ასეთი მასშტაბის დიზელის ძრავის ელექტროძრავით ჩანაცვლება? თეორიულად კი, თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, თანამედროვე ტექნოლოგიები ამისთვის ჯერ მზად არაა.

რეალურად, ელექტროძრავის სისტემა შესაძლოა დიზელის ძრავაზე 50-70%-ით მსუბუქიც იყოს, თუმცა მთავარი პრობლემა ენერგიის შენახვაა. მსგავსი სიმძლავრისა და სამუშაო ხანგრძლივობის უზრუნველსაყოფად გემს დაახლოებით 100–120 ათასი ტონა ბატარეა დასჭირდებოდა. ეს კი უკვე გემის კონსტრუქციისთვის კოლოსალური ტვირთია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები