Toyota-მ დაადასტურა! — მომავალ წელს WRC-ში ახალ Celica-ს ვიხილავთ?
ავტოსპორტისა და JDM კულტურის ფანებისთვის კარგი ამბავი გვაქვს — Toyota-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლეგენდარული Celica ბრუნდება! თუმცა, ამჯერად საუბარია არა უბრალოდ ჭორებზე, არამედ ოფიციალურ განცხადებაზე: სრულიად ახალი Celica Rally1-ის სარბოლო ბოლიდი რალის მსოფლიო ჩემპიონატში იასპარეზებს.
ასევე იხილეთ: რატომ იყო Toyota-ს ტყუილი გენიალური? - Cellica-ს გასაოცარი ისტორია
გამოქვეყნებულ კადრებში ავტომობილი კამუფლაჟშია შეფუთული, თუმცა მაინც მკაფიოდ ჩანს კლასიკური კუპეს პროფილი, მასიური უკანა თაღები და აგრესიული, ოთხკუთხა უკანა ფრთა. თუმცა, მხოლოდ სარბოლო ვერსიით საქმე არ შემოიფარგლება. ლოგიკურია, რომ მოდელი უახლოეს მომავალში საგზაო, სერიულ GR Celica სპორტქარად გარდაიქმნება. Toyota-ს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჰიროკი ნაკაჯიმამ Top Gear-თან ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა: „ავტოსპორტის მეშვეობით ჩვენ გვინდა მომხმარებლებს კიდევ უფრო სრულყოფილი საგზაო ავტომობილები შევთავაზოთ.“
Toyota Gazoo Racing-ის შტაბ-ბინაში, ფინეთის ქალაქ იუვიასკიულიაში, მომავალი სეზონისთვის სერიოზული მზადება მიმდინარეობს. იაპონურმა მწარმოებელმა გამოაცხადა, რომ WRC-ში ორ სრულიად დამოუკიდებელ გუნდს გამოიყვანს — Toyota Racing-ის გუნდი სამი ახალი GR Celica Rally1 ბოლიდით იასპარესებს, რომლებსაც გასული სეზონის საუკეთესო სამეული — ელფინ ევანსი, ოლივერ სოლბერგი და სამი პაიარი მართავენ.
ხოლო Gazoo Racing Toyota-ს გუნდის განკარგულებაში სამი GR Yaris Rally1 იქნება. გუნდის ძირითადი პილოტები ოტ ტანაკი და ტაკამოტო კაცუტა იქნებიან, ხოლო ორგზის მსოფლიო ჩემპიონი კალე როვანპერა ეტაპების მხოლოდ ნაწილში ჩაერთვება. WRC-ის ახალი რეგლამენტი Rally1 კლასის ავტომობილების ბიუჯეტს 50%-ზე მეტით ამცირებს, რაც ინჟინრებს საშუალებას აძლევს, დაზოგილი ფინანსური რესურსი ტრასაზე მეტი „საბრძოლო“ ტექნიკისა და პილოტის გამოსაყვანად გამოიყენონ.

საინტერესოა, რომელი გამოვა გამარჯვებული — კომპაქტური Yaris-ი თუ ლეგენდარული Celica-ს ახალი თაობა? ერთი რამ კი ფაქტია: Toyota ავტოსპორტის ოქროს ხანის გაცოცხლებას სრული სვლით იწყებს!
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს