7 წლის ასაკში ნასწავლი „ხრიკი“ | ვერსტაპენმა კარტინგში გამარჯვების საიდუმლო გაამხილა
რამდენიმე დღის წინ, ფორმულა 1-ის ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა Red Bull-ის მიერ ორგანიზებულ უპრეცედენტო შოუში მიიღო მონაწილეობა, სადაც ის სილვერსტოუნის ტრასაზე ბოლო, 101-ე პოზიციიდან დაიძრა და 100 კონკურენტის გადასწრება სულ რაღაც 14 წრეში შეძლო. ღონისძიება, სახელწოდებით Max vs 100, ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კარტინგის რბოლაა.
ვრცლად: Max vs 100 | ფერსტაპენმა 100 მოყვარული გაანადგურა...

ნიდერლანდელის წარმატებას ფორმულა 1-ის ტრასებზე იმდენად ვართ მიჩვეული, რომ, წესით, ამ შედეგსაც არავინ გავუკვირვებივართ. თუმცა, რაც არ უნდა მაღალი შეფასებები გვქონდეს „შეშლილი მაქსის“ შესაძლებლობებზე, შეჯიბრის 101-ე პოზიციიდან დაწყება და მისი პირველ პოზიციაზე დასრულება — თანაც სულ რამდენიმე წუთში მოპოვებული შედეგით — მართლაც შთამბეჭდავი შედეგია.
ბუნებრივია, მაქსის მონაწილეობამ და პირველ პოზიციაზე დასრულებულმა შეჯიბრმა დიდი ყურადღება მიიპყრო, თავად ნიდერლანდელს კი არ დაუმალავს და გულშემატკივარს თავისი წარმატების „საიდუმლოც“ გაუმხილა. როგორც ფორმულა 1-ის ჩემპიონმა თქვა, მას კარტინგებზე 100 მოყვარულის გადასწრებასა და გამარჯვების მოპოვებაში „საიდუმლო ხრიკი“ დაეხმარა.

აღმოჩნდა, რომ ნიდერლანდელის მთავარი უპირატესობა ბავშვობაში კარტინგებზე მიღებული გამოცდილება იყო. რბოლის შემდეგ, ფერსტაპენმა თქვა, რომ მან „bouncing“ ტექნიკა შვიდი წლის ასაკში ისწავლა, მაშინ, როდესაც კარტინგში უძრავი სტარტებიდან უწევდა რბოლა.
„კვლავ კარტინგებზე, საწყისებთან დაბრუნება შესანიშნავი იყო. ამან ძველი რბოლები გამახსენა“, — აღნიშნა ფერსტაპენმა. ნიდერლანდელმა ისიც აღიარა, რომ სტარტის წინ ცოტათი ნერვიულობდა, თუმცა რბოლის დაწყების შემდეგ უკვე ყველაფერი ბევრად სახალისო გახდა და პოზიციებზე გადასვლაც სწრაფადვე დაიწყო.
ასევე იხილეთ: რატომაა Formula 1-ის პილოტობა თითქმის შეუძლებელი?
ცნობისთვის, ე.წ. „ბაუნსინგის" ტექნიკას კარტინგში სტარტზე ხშირად იყენებენ. დაძვრის მომენტში სავარძელში სხეულის აწევა-დაწევით კარტინგი უფრო სწრაფად ჩქარდება, ვიდრე გაუნძრევლად ჯდომისას. ფერშტაპენმა სწორედ ეს ხრიკი გამოიყენა, რამაც მას სტარტზე შესამჩნევი უპირატესობა მისცა.