2027 წლის Mercedes-Benz G580 Electric-ი უფრო ძვირი ღირს, თუმცა უფრო სწრაფადაც იმუხტება
Mercedes-Benz-მა ამერიკის შეერთებულ შტატებში 2027 წლის G580 Electric-ზე შეკვეთები მიიღო. ელექტრო „ჯი-კლასის“ საწყისი ფასი, მიწოდების ღირებულების ჩათვლით, $165 200-ია. შედარებისთვის, ეს ფასი წინა მოდელთან შედარებით $650-ით ძვირია.
თუმცა ფასის მცირე ზრდის მიუხედავად, ახალი ელექტრო „ჯი-კლასის“ მფლობელები რამდენიმე მნიშვნელოვან განახლებასაც მიიღებენ. მთავარი ცვლილება კი ელექტრომობილის დამუხტვის სისტემას შეეხება — ავტომობილს ახლა დასამუხტად ორი დამოუკიდებელი პორტი აქვს, ასევე გაუმჯობესდა სწრაფი დამუხტვის დრო და გაიზარდა სვლის მარაგიც.

არ შეცვლილა ძრავების სისტემა. G580 Electric-ი კვლავ ოთხ ელექტროძრავას იყენებს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 579 ცხენის ძალაა. მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 858 ნიუტონმეტრს აღწევს. შედეგად, ელექტრო SUV-ის აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 4.6 წამია, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე — 180 კმ/სთ.
როგორც გითხარით, ახალი „ჯი-კლასის“ მთავარი სიახლე დასამუხტი სისტემაა. ახალი მოდელი ერთი საერთო პორტის ნაცვლად ორ ცალკე კონექტორს იყენებს: NACS პორტს DC სწრაფი დამუხტვისთვის და პორტს Level 2 AC დატენვისთვის. ეს ნიშნავს, რომ მფლობელს Tesla-ს Supercharger-ის ქსელით სარგებლობა ადაპტერის გარეშე შეუძლია.

DC სწრაფი დამტენით ბატარეის 10%-დან 80%-მდე დამუხტვას ახლა უკვე 29 წუთი სჭირდება, მაშინ, როცა წინა მოდელს 32 წუთი სჭირდებოდა. დამუხტვის მაქსიმალური სიმძლავრე კვლავ 200 კილოვატია, ხოლო AC დამუხტვის სიმძლავრე 9.6 კილოვატს შეადგენს. G580 Electric-ის ბატარეის ტევადობა კვლავ 117 კვტ/სთ-ია. 240-ვოლტიანი სახლის დამუხტვით კი სრულად დამუხტვას დაახლოებით 13.6 საათი სჭირდება.
პარალელურად, გაუმჯობესდა ავტომობილის ეფექტიანობა და სვლის მარაგიც. EPA-ს შეფასებით, 2027 წლის G580 Electric-ი ერთი სრული დამუხტვით სულ 401 კილომეტრს გაივლის, წინა კი დაახლოებით 385 კილომეტრს გადიოდა. ეფექტიანობის მაჩვენებელი კი 62 MPGe-დან 71 MPGe-მდე გაიზარდა.

რიგი გაუმჯობესებების მიუხედავადაც, რთული სათქმელია, რომ ელექტრო G580 კომპანიისთვის ფინანსურად მოგებიანი მოდელი იქნება. ელექტრო G-Class-ის გაყიდვები ჯერჯერობით გაცილებით ჩამორჩება შიგაწვისძრავიან ვერსიებს. 2025 წლის აპრილის ბოლოსთვის Mercedes-ს გლობალურად დაახლოებით 1 450 ერთეული ელექტრო G580 ჰქონდა გაყიდული, მაშინ, როცა იმავე პერიოდში შიგაწვის ძრავის მქონე G-Class-ის გაყიდვები დაახლოებით 9 700 ერთეულს შეადგენდა.