ნასვამობაზე მართვის უფლების შეჩერების შემთხვევაში, ტარების უფლება გასაჩივრების პერიოდშიც აღარ გექნებათ
იმ შემთხვევაში თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ნასვამობის გამო შეგიჩერდათ, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების პერიოდში ტარების უფლება აღარ გექნებათ. აღნიშნული ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 31 აგვისტოდან ამოქმედდა.
კერძოდ, საუბარია კოდექსის 116-ე მუხლზე, რომელიც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვას. კოდექსის თანახმად, თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,3 პრომილეზე მეტია და 0,7 პრომილეს არ აღემატება, მართვის უფლება მძღოლს 6 თვით უჩერდება, იმ შემთხვევაში თუ ეთანოლის შემცველობა 0,7 პრომილეზე მეტია, ან მძღოლმა შემოწმებისთვის თავის არიდება ცადა, კოდექსი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას ითვალისწინებს.
ასევე კოდექსში გაწერილია შემთხვევები რომელიც შეეხება: ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვას, როდესაც პირს იგივე ან სხვა მიზეზით უკვე შეჩერებული აქვს მართვის უფლება, ან საერთოდ არ აქვს მოწმობა და სხვა. ამ შემთხვევებში მართვის მოწმობის შეჩერებასთან ერთად ფულადი სანქციაც არის გათვალისწინებული.
თუმცა, როგორც ცნობილია, პირს მსგავსი გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება აქვს და ამ პერიოდში, მას შეეძლო სატრანსპორტო საშუალების მართვა. თუმცა, კოდექსში 31 აგვისტოს შეტანილი ცვლილებით, ეს ერთგვარი შეღავათი მძღოლებისთვის უკვე აღარ მოქმედებს.