BMW-მ ყველაზე მძლავრი მესამე სერია წარადგინა | M350 xDrive 437 ცხენის ძალით გამოდის
ორმოცდაათი წელზე მეტია, BMW-ის მესამე სერიას გერმანული ავტომწარმოებლის მომხმარებელს შორის პოპულარობა არ დაუკარგავს და დღემდე, თავის კლასში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოდელად და ეტალონადაც კი ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ბაზარზე SUV-ებზე მოთხოვნაც საგრძნობლადაა გაზრდილი, მესამე სერია არსებობას აგრძელებს და აწ უკვე მერვე თაობაში გადადის.
ასევე იხილეთ: როგორ დაიპყრო M3-მა მსოფლიო (ნაწილი 1)
როგორც იცით, BMW-მ ახალი მესამე სერიის ელექტროვერსია, i3, დაახლოებით ექვსი თვის წინ წარადგინა, ახლა კი მისი შიგაწვის ძრავის მქონე ვერსიის ჯერიც დადგა. როგორც მოსალოდნელი იყო, ვიზუალურად ის ელექტრო i3-ს ძალიან ჰგავს, მთავარი კი, რაც მას გამოარჩევს, მნიშვნელოვნად განახლებული შესაძლებლობებია.

ასევე, პირველად, BMW-მ ახალი მესამე სერიის ყველაზე მძლავრი ვერსია M350 xDrive-თ წარადგინა, რომელიც წინა M340i xDrive-ს ჩაანაცვლებს. ავტომობილის წინა ნაწილი თითქმის იდენტურია i3-ის, მათ შორის, დღის განათებებისა და ცხაურების დიზაინიც. თუმცა M350-ის ცხაურები უფრო მუქი და ოდნავ განიერია. შიგაწვის ძრავის გაგრილების საჭიროებიდან გამომდინარე კი, ავტომობილის ქვედა ნაწილში ჰაერის შემშვებების ზომაც გაზრდილია.

i3-თან შედარებით, სტანდარტული მესამე სერიის კაპოტი ოდნავ გრძელი და დაბალია. შეცვლილია გვერდითა ფანჯრების ფორმაც, თუმცა მცირედით, რადგან BMW-ისთვის დამახასიათებელი Hofmeister kink-ის ფორმა კვლავ შენარჩუნებულია. M350 xDrive-ს შავი გვერდითი სარკეები, სპეციალური ემბლემები და უფრო აგრესიული უკანა ნაწილიც ემატება. აქ მუქი LED-მაშუქები, დიფუზორი და 4-მილიოანი გამონაბოლქვი სისტემა დაგხვდებათ.

მიუხედავად იმისა, რომ ფოტოებში ახალი მესამე სერია i3-ზე ოდნავ გრძელი და განიერი ჩანს, რეალურად ზომებში განსხვავება ძალიან მცირეა. კერძოდ, 330-ის, 330 xDrive-სა და M350 xDrive-ის სიგრძე 4.75 მეტრია, სიგანე — 1.85 მეტრი, სიმაღლე კი — 1.46 მეტრი. ელექტრო i3 50 xDrive-ის სიგრძე 4.76 მეტრია, სიგანე — 1.86 მეტრი, სიმაღლე კი — 1.48 მეტრი.
შიგაწვის ძრავის მქონე მესამე სერია განახლებულ CLAR-ის არქიტექტურას ეფუძნება, მაშინ, როდესაც i3 BMW-ის ახალ Neue Klasse პლატფორმას იყენებს. სწორედ ეს ფაქტი ხდის ავტომობილების ზომებს შორის არსებულ განსხვავებას.

მესამე სერიის ინტერიერის შესახებ:
იმის მიუხედავადაც, რომ მესამე სერიის პლატფორმა სრულიად ახალი არაა, სალონში ის მაინც მიიღებს BMW-ის ახალი თაობის ელექტრომობილებისთვის შექმნილ ტექნოლოგიებს. მათ შორის, სენსორული მართვის ელემენტებით გაწყობილ საჭეს, 17.9-დუიმიან დახრილ ცენტრალურ ეკრანსა და Panoramic iDrive-ს სისტემას. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია 3D Head-Up Display-ის დამატებაც.
მნიშვნელოვნადაა შეცვლილი ხელსაწყოთა პანელის დიზაინი. ახალი მასალები, ქსოვილი და განათების დეტალები თითქოს გარკვეულწილად Mini-ის თანამედროვე მოდელებსაც გვაგონებს. M350 xDrive-ს კი სპეციალური M Sport სავარძლები აქვს, უფრო დიდი გვერდითი საყრდენებით.

M350 xDrive ახალი შიგაწვის ძრავის მქონე მესამე სერიის ყველაზე მძლავრი ვერსია იქნება:
ახალი M3-ის გამოჩენამდე M350 xDrive შიგაწვისძრავიანი მესამე სერიის ყველაზე მძლავრი ვერსია იქნება. მოდელი 3-ლიტრიანი, ტურბო 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც 48-ვოლტიანი mild-ჰიბრიდი სისტემა ეხმარება. შედეგად, როგორც დაანონსებული იყო, ავტომობილის მაქსიმალური სიმძლავრე 437 ცხენის ძალას მიაღწევს, ხოლო მაბრუნი მომენტი — 580 ნიუტონმეტრს.

დამატებით, 8-სიჩქარიანი Steptronic-ის ავტომატური გადაცემათა კოლოფისა და სრულამძრავი სისტემის საშუალებით, M350 xDrive 0-დან 100-მდე 3.9 წამში აჩქარდება. მაქსიმალური სიჩქარე 209 კმ/სთ-ია, თუმცა სპორტული საბურავებით 250 კმ/სთ-მდე იზრდება. ე.წ. one-foot rollout-ის გათვალისწინებით კი, მოდელი 100-მდე აჩქარებას მხოლოდ 3.6 წამს ანდომებს.
BMW-მ 330-ისა და 330 xDrive-ის მონაცემებიც დაადასტურა. ორივე მოდელი 2-ლიტრიან, ტურბო ოთხცილინდრიანს იყენებს, რომელიც 255 ცხენის ძალას და 400 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. ორივე ვერსიის მაქსიმალური სიჩქარე M350-ის მსგავსია, თუმცა 100-მდე აჩქარებას 5.9 წამი სჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ 2027 წლის მესამე სერიის პლატფორმა ახალი არაა, BMW-ს განცხადებით, ძარაში მაინც მასშტაბური ცვლილებები განხორციელდა. მაგალითად, წინა ნაწილში ავტომობილმა ორსახსრიანი ამორტიზატორის დგარის წინა ხიდი (double-joint spring-strut axle) მიიღო, ასევე გაფართოებული წინა და უკანა ღერძის ლიანდი და საბურავებისა და დისკების ახალი კომბინაციები.
სტანდარტულ ვერსიებში ხელმისაწვდომია ადაპტიური საკიდარი ან ადაპტური M-საკიდარი — ამ უკანასკნელით კი M350 xDrive სტანდარტულად აღიჭურვება.

M350-ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფუნქცია კი Drift Moment-ია. უცნაური სახელის მიუხედავად, მას საკმაოდ მარტივი დანიშნულება აქვს — შესაბამის რეჟიმში ავტომობილი სრულამძრავიანიდან უკანა წამყვან მონსტრად იქცევა. ეს ფუნქცია გაყიდვების დაწყებისთანავე ხელმისაწვდომი არ იქნება და მოდელებს მხოლოდ მომავალ წელს პროგრამული განახლების სახით დაემატება.
რაც შეეხება უსაფრთხოებას, ახალი მესამე სერია მე-2 დონის (Level 2) მძღოლის დამხმარე სისტემას იყენებს და ასევე დამატებული აქვს BMW Symbiotic Drive-ც, იგივე სიმბიოზური მართვა. ეს სისტემა მძღოლს საშუალებას აძლევს, მარტივად შეცვალოს მიმართულება (საჭის მოტრიალებით), მოუმატოს სიჩქარეს ან დამუხრუჭოს — ისე, რომ მე-2 დონის ავტოპილოტი/ასისტენტი არ გაითიშოს, რაც სხვა ბევრ ავტომობილში ჩვეულებრივი მოვლენაა.

ახალი მესამე სერიისთვის BMW-ის ფასები ჯერ არ გამოუცხადებია. თუმცა ვიცით, რომ 330-ის, 330 xDrive-ისა და M350 xDrive-ის გაყიდვები ამერიკის ბაზარზე 2027 წლის პირველ კვარტალში დაიწყება.