მაიკლ ჯორდანის გაუჩინარებულმა Ferrari 550-მა ახალი რეკორდი მოხსნა
ლეგენდარული კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის 1997 წლის Ferrari 550 Maranello აუქციონზე $2.7 მილიონად გაიყიდა. ეს ამ მოდელისთვის საჯარო აუქციონზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ღირებულებაა. Joopiter-ი, წინასწარი შეფასებით, Ferrari-ს $800 000-დან $1.3 მილიონამდე გაყიდვას ვარაუდობდა, თუმცა საბოლოო შეფასებამ პროგნოზებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. Ferrari 550 Maranello-სთვის წინა რეკორდი კი თითქმის ოთხჯერ გააუმჯობესა.

აუქციონი ოთხშაბათს, საღამოს 7 საათზე, ორკვირიანი ვაჭრობის შემდეგ დასრულდა. ჯამში, ავტომობილის შეძენაზე განაცხადი 43-მა პირმა გააკეთა. ეს Joopiter-ისთვის პირველი აუქციონი იყო, რომელიც Curated-თან თანამშრომლობით შედგა — კომპანიასთან, რომელიც საკოლექციო და ვინტაჟურ სუპერმანქანებზეა სპეციალიზებული. შედეგად, Joopiter-მა პირველად შეაბიჯა საკოლექციო ავტომობილების ბაზარზე და შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ წარმატებული დებიუტიც გამოუვიდა.

აღნიშნული მოდელი Ferrari-მ მაიკლ ჯორდანს 1997 წლის მაისში გადასცა. მოდელი Rosso Barchetta-ს წითელ ფერშია შეღებილი და ღია ყავისფერი ტყავის ინტერიერი აქვს. მას ასევე დღემდე აქვს ილინოისის სანომრე ნიშანი „MJ 5“.
ჯორდანი Ferrari 550-ის საჭესთან პირველად იმავე წლის ივლისში, NBA-ის მეხუთე ჩემპიონობის მოგებიდან რამდენიმე საათში, დააფიქსირეს. სწორედ ამ ფაქტორმა აუქციონზე გაყიდულ ეგზემპლარს კიდევ უფრო დიდი ისტორიული მნიშვნელობა მიანიჭა, რაც ბოლოს მის ფასზეც აისახა. Curated-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯონ ტემერიანის, განცხადებით, „აუქციონის შედეგი აჩვენებს, რომ საკოლექციო ავტომობილების ბაზარზე ახალი თაობის მხრიდან ინტერესი იზრდება“.

„ეს მხოლოდ Ferrari 550 Maranello-ს რეკორდული ფასი არაა. ეს არის მაიკლ ჯორდანის ირგვლივ არსებული ვნების, Ferrari-ს კოლექციონერებისა და იმ ახალი თაობის დასტური, რომელიც 1990-იანი და 2000-იანი წლების დასაწყისის სიმბოლოებს (ხატებს) ეძებს“, — განაცხადა ტემერიანმა.
ტემერიანის შეფასებითვე, Ferrari-ს რეკორდული ფასი ახალგაზრდა თაობის მყიდველებში ქცევის ცვლილებაზეც მიუთითებს. მისი თქმით, ისინი უფრო მეტად აღიქვამენ ავტომობილებს როგორც ინვესტიციებს, რომლის ფასიც დროთა განმავლობაში იზრდება.