პოლიცია, დევნა, გაერთიანებული სამეფო, სატვირთო მანქანები, დიდი ბრიტანეთი
Aa
Aa

21 წლის მძღოლმა პოლიციისგან გაქცევა სატვირთო ავტომობილით სცადა

დიდი ხანია მივეჩვიეთ, რომ შეცდომებს ყველა უშვებს, თუმცა არსებობს შეცდომები, რომლებიც უბრალოდ არ უნდა დაუშვათ — ერთ-ერთი მათგანი პოლიციისგან გაქცევაა. ხოლო როდესაც ამას უზარმაზარი, ძნელად მართვადი სატვირთო ავტომობილით აკეთებთ, ეს უკვე უგუნურების მწვერვალია. როგორც აღმოჩნდა, დიდ ბრიტანეთში მცხოვრები 21 წლის ახალგაზრდისთვის მწვერვალების დაპყრობა პრობლემას არ წარმოადგენს...

პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი 10 აგვისტოს, ქალაქ კადინგტონში დაიწყო, როდესაც პოლიციელმა მაიკლ კლარკმა 21 წლის ლოუან გრიფიტსს გაჩერება მოსთხოვა. გაჩერების ნაცვლად, გრიფიტსმა აქსელერატორს ბოლომდე დააჭირა და ახლად შეძენილი სატვირთოთი გაქცევა სცადა. დევნა რამდენიმე დასახლებულ პუნქტში — ვივერჰემში, სენდივეისა და დევენჰემში გაგრძელდა — პროცესში ახალგაზრდა მძღოლმა სიჩქარეს კრიტიკულად გადააჭარბა: 80 კმ/სთ-იან ზონაში მისი სიჩქარე 122 კმ/სთ-ს აღწევდა, ხოლო 32 კმ/სთ-იან ზონაში სატვირთო 90 კმ/სთ-ით მიქროდა.

პოლიციის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ გრიფიტსი უზარმაზარი სატვირთოთი გადასწრების მანევრებს ახორციელებდა უმოკლეს სივრცეებში, შედიოდა ვიწრო გზებზე, რომლებიც საერთოდ არ იყო განკუთვნილი ასეთი გაბარიტების ტრანსპორტისთვის და საფრთხეს უქმნიდა როგორც საკუთარ თავს, ასევე მოძრაობის თითოეულ მონაწილეს. ასეთი ზომის სატვირთოს შემთხვევაში პოლიციას არ აქვს საშუალება გამოიყენოს სტანდარტული იძულებითი გაჩერების მეთოდები (მაგალითად, PIT მანევრი ან ბლოკირება). იმ სიჩქარეზე, რომლითაც სატვირთო გადაადგილდებოდა, ნებისმიერი ფიზიკური კონტაქტი, სავარაუდოდ, ტრაგიკულად დასრულდებოდა.

საბოლოოდ, უითჩერჩში მიღწევისას, გრიფიტსი მიხვდა, რომ სატვირთოთი გაქცევის შანსი აღარ ჰქონდა. მან ავტომობილი მიატოვა და ფეხით გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციელებმა ადგილზე დააკავეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლოუან გრიფიტსს განესაზღვრა 8-თვიანი პატიმრობა (2-წლიანი პირობითი სასჯელით), 200 საათის განმავლობაში საზოგადოებრივად სასარგებლო უსასყიდლო შრომა, მართვის მოწმობის 2 წლით ჩამორთმევა და მომავალში მის ასაღებად გაფართოებული პრაქტიკული გამოცდის ხელახალი ჩაბარების ვალდებულება. საკადრისი სასჯელია, არა?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები