ავტოშოუ, ტექნოლოგიები, როჩესტერის ავტოშოუ
Aa
Aa

120-წლიანი არსებობის შემდეგ, ციფრულმა პროგრესმა კიდევ ერთი ლეგენდარული ავტოშოუ შეიწირა

გლობალური ავტოშოუების კრიზისს კიდევ ერთი ისტორიული ღონისძიება შეეწირა. თითქმის 120-წლიანი არსებობის შემდეგ, როჩესტერის საერთაშორისო ავტოსალონმა ფუნქციონირება საბოლოოდ შეწყვიტა. ორგანიზატორების განცხადებით, პროექტი ეკონომიკურად მომგებიანი აღარ არის.

ეს გამოფენა პირველად შორეულ 1908 წელს ჩატარდა. მას შემდეგ, ყოველ ზამთარს, ნიუ-იორკის შტატის მცხოვრებლები თოვლსა და ყინვას არ ერიდებოდნენ, რათა ავტოინდუსტრიის უკანასკნელი სიახლეები საკუთარი თვალით ენახათ — მაგალითად, წელს შოუზე 150-ზე მეტი ავტომობილი იყო გამოფენილი.

ტრადიციული ავტოსალონები მთელ მსოფლიოში მძიმე დღეებს გადიან. დამთვალიერებელთა ნაკადის შემცირებამ და ავტომწარმოებლების მასობრივმა უარმა უკვე შეიწირა ლეგენდარული ჟენევის ავტოსალონი, ხოლო დეტროიტის ავტოშოუ დღეს საკუთარი წარსულის აჩრდილსღა მოგვაგონებს.

როჩესტერის ავტოდილერთა ასოციაციამ ოფიციალურ განცხადებაში მადლობა გადაუხადა პარტნიორებსა და ექსპონენტებს მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის, მომხმარებლებს კი ურჩია, სიახლეების სანახავად პირდაპირ ადგილობრივ დილერებს ეწვიონ.

თუმცა, რეალური მიზეზი ორგანიზატორებმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში გაამჟღავნეს:

„პანდემიის შემდეგ ვიზიტორთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და ძველ ნიშნულს აღარ დაბრუნებია. ბოლო ოთხი წლის სტატისტიკამ აჩვენა, რომ ინტერესი არ იზრდება, მასშტაბური ავტოშოუს ორგანიზება კი კოლოსალურ ხარჯებთან არის დაკავშირებული“

თუკი ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის გრანდიოზული ავტოსალონები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას, რეგიონული მასშტაბის ღონისძიებები ბაზრიდან სათითაოდ ქრებიან. მთავარი მიზეზი ინტერნეტი და ციფრული ეპოქაა. დღეს მომხმარებელს აღარ სჭირდება საგამოფენო პავილიონებში სიარული ახალი მოდელის გასაცნობად — ავტომწარმოებლები პრეზენტაციებს ონლაინ რეჟიმში ატარებენ, ხოლო დეტალურ მიმოხილვებსა და ტესტ-დრაივებს მყიდველი სმარტფონის ეკრანიდან, რამდენიმე წამში იღებს.

ცვლილებებმა ბაზრის წესები საბოლოოდ შეცვალა: ავტომწარმოებლებისთვის მილიონობით დოლარის დახარჯვა ტრადიციულ სტენდებზე აღარ არის ეფექტური, ხოლო მომხმარებელს ინფორმაციის მისაღებად ბევრად მარტივი და უფასო ალტერნატივები აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი კვლევის მიხედვით, ტექნოლოგიური პროგრესი ავტომობილის შეკეთების ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის
ახალი კვლევის მიხედვით, ტექნოლოგიური პროგრესი ავტომობილის შეკეთების ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის