ელექტრომობილი, იაგუარი, იაგუარ ტაიპ 00, იაგუარ ტაიპ 01
Aa
Aa

Jaguar-ის ყველაზე მძლავრი საგზაო ავტომობილი ელექტრომობილია | Type 01

Jaguar-ი ახალი ეპოქის დასაწყისს თავის ისტორიაში ყველაზე მძლავრი საგზაო ავტომობილით აღნიშნავს. ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა ახალი მოდელი Type 01 წარადგინა — ოთხადგილიანი ელექტრო GT, რომელიც, როგორც გითხარით, Jaguar-ისთვის ყველაზე მძლავრი, ტრასებისთვის ლეგალური ავტომობილია.

Type 01-ს Jaguar-ისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ავტომობილია, რადგან ამ ბრენდის ელექტრულ მომავალს წარმოადგენს. თუმცა ავტომწარმოებლისთვის 01 ერთი რიგითი და ძვირად ღირებული მოდელი არაა. მისი მთავარი ამოცანა იმ სპორტული ხასიათისა და მართვის ემოციის შენარჩუნებაა, რაც Jaguar-ის წარსულ მოდელებსაც გამოარჩევდა.

სამი ელექტროძრავა და 1 016 ცხენის ძალა

Jaguar Type 01-ს სამი ელექტროძრავა ამუშავებს — ერთი წინა, ორიც უკანა ღერძზე განთავსებული. მათი ჯამური სიმძლავრე კი 1 016 ცხენის ძალას აღწევს, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი — 1 365 ნმ-ს. შედეგად, ელექტრომობილი 0-დან 100-მდე აჩქარებას სულ რაღაც 3.2 წამს ანდომებს და 50:50-ზე იდეალურად გადანაწილებული წონა აქვს.

Jaguar-ის ახალი ელექტრომობილი 850-ვოლტიანი ელექტროსისტემით და 118 კვტ·სთ მოცულობის ბატარეითაა აღჭურვილი. Jaguar-ის განცხადებით, ავტომობილი ერთი სრული დამუხტვით 724 კმ-ს გადის. მუდმივად მაღალი სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში კი სვლის მარაგი დაახლოებით 515 კილომეტრს შეადგენს.

გამოდის, რომ Jaguar-ის EV-ის მონაცემები ასეთია:

სიმძლავრე — 1 016 ცხენის ძალა
მაბრუნი მომენტი — დაახლოებით 1 365 ნმ
0-100 კმ/სთ — 3.2 წამი
ბატარეა — 118 კვტ·სთ
სვლის მარაგი — 724 კმ-მდე (WLTP)
სიგრძე — 5.24 მეტრი
სიმაღლე — 1.40 მეტრი

Jaguar-ს Type 01-ის განსაკუთრებული აქცენტი მართვის დინამიკაზე გაკეთებული. ავტომობილს ორმაგი ბერკეტების წინა საკიდარი და უკანა integral-link-ის ტიპის საკიდარი აქვს, რომელსაც Dynamic Air Suspension-ის სისტემა ემატება. საკიდარში აქტიური ორმაგი სარქვლის მქონე ამორტიზატორები და ჰაერის ზამბარებია გამოყენებული.

მძღოლს Jaguar-ი ახალ ელექტრომობილში ხუთ რეჟიმსაც სთავაზობს, ესენია: Jaguar, Dynamic, Efficient, Ice & Snow და Curated. Dynamic რეჟიმში სისტემა სიმძლავრის დაახლოებით 87%-ს უკანა ღერძზე მიმართავს და საჭისა და აქსელერატორის რეაქციაც ბევრად სწრაფი ხდება.

Type 01-ს აქტიური აეროდინამიკის სისტემაც აქვს. ელექტრომობილის წინა ნაწილში აქტიური ტიპის ფრთებია განთავსებული და იხსნება მაშინ, როდესაც ელექტროძრავებსა და მუხრუჭებს დამატებითი გაგრილება სჭირდებათ.

ალბათ Type 01-ის დიზაინი მის კონცეპტუალურ ვერსიას მოგაგონებდათ. ეს ორი ერთმანეთს ძალიან ჰგავს, თუმცა მცირედი განსხვავებებიც გვაქვს. ავტომობილს კარის ჩასაწევი სახელურები აქვს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ელექტრულად გამოდის. Jaguar-ის მტკიცებით, სისტემა დაახლოებით 4 მილიმეტრამდე ყინულით დაფარვის შემთხვევაშიც აგრძელებს მუშაობას. Type 01-ს სტანდარტულად უზარმაზარი 23-დუიმიანი დისკები უყენია, თუმცა მსურველებს 21-დუიმიანი ვარიანტის არჩევაც შეეძლებათ.

რაც შეეხება ინტერიერს, აქ 24-დუიმიანი OLED ეკრანია განთავსებული, ხოლო ცენტრალურ ნაწილში — 7-დუიმიანი ვერტიკალური სენსორული ეკრანი. ეს უკანასკნელი მულტიმედიის ფუნქციებისა და კლიმატკონტროლის სამართავად გამოიყენება. აქვე საინტერესოა, რომ Type 01-ს ტრადიციული უკანა ხედვის სარკე არ აქვს. მის ნაცვლად ClearSight Rear View სისტემაა გამოყენებული, რომლის ეკრანიც საქარე მინის ძირში, პანორამული აუდიოსისტემის ნაწილშია ინტეგრირებული.

ოთხივე სავარძელს გათბობისა და გაგრილების ფუნქცია აქვს, ხოლო უკანა სავარძლები 50:50 პროპორციით იკეცება. შედეგად, საბარგულის მოცულობაც იზრდება.

Jaguar-ს Type 01-ის გაყიდვების დაწყების ზუსტი თარიღი ჯერ არ გამოუცხადებია. ამ დროისთვის არც მისი საბოლოო ფასია დადასტურებული, თუმცა მოსალოდნელია, რომ ღირებულება 100 000 აშშ დოლარიდან 150 000 აშშ დოლარამდე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეპოქის დასასრული | Jaguar-მა ბენზინზე მომუშავე უკანასკნელი ავტომობილი წარადგინა
ეპოქის დასასრული | Jaguar-მა ბენზინზე მომუშავე უკანასკნელი ავტომობილი წარადგინა