ამ ჩინური SUV-ის გაყიდვა მალაიზიაში დროებით აიკრძალა | მიზეზი სახიფათო და სასაცილოა
ახალი ავტომობილისგან მძღოლი ბევრ რამეს ელის, თუმცა იმას ნამდვილად არა, რომ მას გადაადგილებისას უკანა თვლები მთლიან დაკიდების სისტემასთან ერთად გასძვრება. სწორედ ასეთი ინციდენტი გახდა მიზეზი იმისა, რომ მალაიზიის ტრანსპორტის დეპარტამენტმა ჩინური გიგანტის, Chery-ს ბესტსელერის — Omoda 5-ის გაყიდვები ოფიციალურად შეაჩერა და ავტომობილის სერთიფიკაცია დროებით გააუქმა.
ასევე იხილეთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს
Chery მალაიზიის ბაზარზე ოფიციალურად 2023 წელს შევიდა, თუმცა აგრესიული საფასო პოლიტიკისა და თანამედროვე დიზაინის წყალობით, მოკლე დროში გაყიდვებით მე-5 ადგილამდე მიაღწია. Chery Omoda 5 ადგილობრივად აწყობილი კომპაქტური ქროსოვერია, რომელიც 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავითა და 6-სიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის კოლოფით არის აღჭურვილი.
ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის — 2024 წელს Chery-მ მალაიზიაში 600 ერთეული Omoda 5 უკანა ღერძის შედუღების დეფექტის გამო უკვე გაიწვია. მაშინ კომპანიამ პრობლემა ნაწილობრივ აღიარა, თუმცა ახალმა ინციდენტმა აჩვენა, რომ ხარისხის კონტროლის საკითხი კვლავ ღიად რჩება.

მწარმოებლის რეაქცია და კრიტიკის ტალღა
სახელმწიფო უწყების მიერ გაყიდვების აკრძალვის შემდეგ, Chery-მ ოფიციალური განცხადება გავრცელა. კომპანიის ცნობით, პრობლემა Omoda 5-ის რესტაილინგამდელ ვერსიას ეხება.
თუმცა, ჩინურმა მწარმოებელმა სერიოზული კრიტიკა დაიმსახურა რეაგირების დაბალი ტემპისა და ინფორმაციის დამალვის მცდელობის გამო. ადგილობრივი ავტოჟურნალისტებისა და ბლოგერების თქმით, Chery-ს წარმომადგენლები ინციდენტის ვიდეოების გავრცელების შემდეგ მედია-ბლოკადის მოწყობასა და ინფორმაციის ჩახშობას ცდილობდნენ, სანამ საქმეში სახელმწიფო სტრუქტურები არ ჩაერივნენ.

მალაიზიის ტრანსპორტის დეპარტამენტი ამჟამად ტექნიკურ ექსპერტიზას ატარებს, რის შემდეგაც გადაწყდება, დაუბრუნდება თუ არა Chery Omoda 5 შოურუმების ვიტრინებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს