მოდელი, რომლის ყიდვისგან თავი რონალდუმაც ვერ შეიკავა | Audi A3-ს 30 წელი შეუსრულდა
Audi A3-ს დებიუტი 1996 წლის პარიზის ავტოგამოფენაზე შედგა. მას შემდეგ მოდელის ოთხი თაობა ვიხილეთ, მოდელი გასაყიდად 100-ზე მეტ ქვეყანაში გავიდა, წარმოებამ კი 6 მილიონს გადააჭარბა.
შესაბამისად, გამოდის, რომ 2026 წელს Audi A3-ის დებიუტიდან 30 წელი გავიდა. გერმანული ბრენდის კომპაქტურმა მოდელმა გამოჩენისთანავე პრემიუმკლასის ავტომობილების სეგმენტში თავისი ადგილი დაიკავა. სამი ათწლეულის განმავლობაში კი ამ მოდელის გაფართოებამ სხვადასხვა ტიპის ძრავისა და ძარის მქონე ვერსიები მოიცვა.
ასევე იხილეთ: როგორ შექმნა კარლ ბენცის მოსწავლემ Audi?
დღეს Audi A3 სულ 17 ვერსიადაა ხელმისაწვდომი, მათ შორის Sportback-ის, Sedan-ისა და Allstreet-ის ძარის ტიპებით. მომხმარებელს ბენზინისა და დიზელის ძრავებზე მომუშავე ვერსიების შეძენაც შეუძლია, შეთავაზებაშია დამუხტვადი, plug-in ჰიბრიდები და მოდელის სპორტული ვარიანტები — S3 და RS3. A3-ის მფლობელებს შორის იყო პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც თავისი კარიერის ადრეულ ეტაპზე S3 შეიძინა.
პირველი თაობა — 1996-2003 წლები
პირველი თაობა 1996-2003 წლებში იწარმოებოდა. ორიგინალი ვერსია სამკარიანი ჰეჩბეკის სახით გამოვიდა, დახრილი სილუეტითა და კუპეს მსგავსი დიზაინით გამოირჩეოდა. 1998 წლის სექტემბერში A3-ის quattro-ს სრულამძრავიანი ვერსია დაემატა. 1999 წელს კი ხუთკარიანი ვერსიაც გამოჩნდა. თუმცა სპორტული მოდიფიკაციებიდან ყველაზე გამორჩეული მაინც S3 იყო. ამ უკანასკნელს 1.8-ლიტრიანი ტურბოძრავა ჰქონდა, რომელიც თავდაპირველად 210 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მოდელი სრულამძრავიანი გახლდათ, 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითა და Recaro-ს სავარძლებით. 2001 წელს ძრავის სიმძლავრე 225 ცხენის ძალამდე გაიზარდა.

სწორედ პირველი თაობის S3 შეიძინა კრიშტიანუ რონალდუმაც. პორტუგალიელი მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო, თუმცა მსოფლიო მასშტაბით პოპულარობას უკვე იხვეჭდა.
მეორე თაობა — 2003-2013 წლები
მეორე თაობის A3 უფრო გრძელი და განიერი გახდა, გაიზარდა მისი ბორბლებს შორის მანძილიც, რამაც სალონში სივრცე და მგზავრების კომფორტი გააუმჯობესა. მოდელს 4- და 6-ცილინდრიანი ძრავებიც დაემატა, უფრო მძლავრ ვერსიებში კი 7-სიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფი გამოიყენებოდა.

2004 წელს Sportback-ი გამოვიდა, რომელშიც თვლების ბაზა წინა 5-კარიან მოდელთან შედარებით 6.5 სანტიმეტრით გაიზარდა. ეს ასევე პირველი A3 იყო, რომელსაც Audi-ს Singleframe-ის ტიპის რადიატორის ცხაური ჰქონდა. ეს დიზაინი მოგვიანებით ბრენდის ერთ-ერთ მთავარ განმასხვავებელ ნიშნად იქცა. Audi-ს მონაცემებით, Sportback დღემდე A3-ის ყველაზე გაყიდვადი ძარის ტიპია.
2008 წელს გამოჩნდა 265 ცხენის ძალის მქონე S3 Sportback-ი, ასევე A3 Cabriolet-ი რბილი სახურავით. 2011 წელს კი მოდელის შეთავაზებას RS 3 შეემატა — 5-ცილინდრიანი, 340 ცხენის ძალის მქონე ძრავითა და სრულამძრავიანი სისტემით.
მესამე თაობა — 2012-2020 წლები
მესამე თაობის A3 პირველი Audi იყო, რომელიც MQB-ის მოდულურ პლატფორმაზე აიგო. ამ არქიტექტურის წყალობით მოდელის წონის შემცირება გახდა შესაძლებელი, ასევე გამარტივდა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და სხვადასხვა ვერსიის შექმნაც. წონის შემცირებაზე გავლენა ძარაში ალუმინის გამოყენებამაც იქონია. სალონში კი მბრუნავი მართვის კონტროლერი გამოჩნდა, ასევე მობილურთან დაკავშირების შესაძლებლობა. მოდელმა მიიღო ადაპტიური კრუიზკონტროლი და ზოლში მოძრაობის დამხმარე ფუნქციები.

2013 წელს A3 Sedan-ი გამოვიდა, რომელმაც ახალი მომხმარებლები, განსაკუთრებით ევროპის ფარგლებს გარეთ, შეიძინა. 2014 წელს A3 Sportback e-tron-იც გამოჩნდა — Audi-ს პირველი კომპაქტური დამუხტვადი ჰიბრიდი.
2016 წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ვიხილეთ: Audi-მ ამავე საწარმოო ხაზში RS 3 Sedan-ი წარადგინა — კომპაქტური სედანი RS-ის აღნიშვნით. ამ ვერსიას 2.5 TFSI ძრავა ჰქონდა, რომლის სიმძლავრე 400 ცხენის ძალას აღწევდა.
მეოთხე თაობა — 2020 წლიდან დღემდე
A3-ის მეოთხე თაობა 2020 წელს გამოჩნდა. მას შედარებით სპორტული დიზაინი და ცენტრალური სენსორული ეკრანით მართვის გაფართოებული შესაძლებლობები აქვს. მოდელის გარკვეულ ვერსიებში 48-ვოლტიანი mild-hybrid სისტემაც გამოიყენება.

ახალი RS3 უკვე 2021 წელს გამოვიდა, 5-ცილინდრიანი ძრავითა და უკანა ღერძზე განთავსებული მაბრუნი მომენტის გამანაწილებლით. ეს უკანასკნელი მოდელში მოხვევის შესაძლებლობებს აუმჯობესებს. RS3-ის მაქსიმალური სიჩქარე 290 კმ/სთ-ია, 100 კმ/სთ-მდე კი მოდელი 3.8 წამში ჩქარდება. ამ მონაცემებით კომპაქტური ავტომობილი სპორტული მოდელების შესაძლებლობებს უახლოვდება.
2024 წელს კი გერმანულმა ავტომწარმოებელმა კროსოვერის სტილის ვერსია A3 allstreet-ი წარადგინა. იმავე წელს განახლდა S3-იც. მისი სიმძლავრე 333 ცხენის ძალამდე გაიზარდა, დაემატა მაბრუნი მომენტის გამყოფის მქონე quattro-ს სრულამძრავიანი ვერსია, გაუმჯობესდა წინა ღერძის კონსტრუქცია და საჭის მართვის მახასიათებლები.

ექვს მილიონზე მეტი ავტომობილი
Audi A3-ის წარმოება თავდაპირველად გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში დაიწყო. 1999 წლიდან მოდელს უკვე ბრაზილიაშიც აწარმოებდნენ, ხოლო 2000-იანი წლების დასაწყისში წარმოება უნგრეთის ქალაქ დიორში მდებარე საწარმოშიც დაიწყეს. შედეგად, სამი ათწლეულის განმავლობაში Audi A3-ის ექვს მილიონზე მეტი ერთეული დამზადდა. ოთხი თაობისა და არაერთი მოდიფიკაციის შემდეგ კი მოდელი კვლავ რჩება ბრენდის კომპაქტური ავტომობილების ღირსეულ წარმომადგენლად.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს