„911 არასდროს გახდება ელექტრომობილი!“ — ლაიტერსს Porsche-სთვის დიდი გეგმები აქვს
ათწლეულების განმავლობაში Porsche მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან ავტომწარმოებლად ითვლებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში კომპანია სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. Taycan-ის გამოშვებისას ბრენდი ვარაუდობდა, რომ 2030 წლისთვის გაყიდული ავტომობილების 80% სრულად ელექტრო ან ჰიბრიდული იქნებოდა, თუმცა რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა.
ასევე იხილეთ: Porsche-ს შემაშფოთებელი ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები
მყიდველების ინტერესის ცვლილებამ, განსაკუთრებით აშშ-სა და ჩინეთის ბაზრებზე, პორშეს გეგმები შეაცვლევინა. ახლა კომპანიის გენერალური დირექტორი, მიხაელ ლაიტერსი აცხადებს: „შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ 911 არასოდეს გახდება ელექტრული!“
მსოფლიო ბაზარზე ელექტრომობილებზე მოთხოვნის შენელების ფონზე, Porsche სტრატეგიას სასწრაფოდ ცვლის — ლაიტერსის თქმით, 2030 წლისთვის პორშეს მიერ გაყიდული ავტომობილების ორი მესამედი კვლავ შიგაწვის ძრავით ან ჰიბრიდული აგრეგატით იმოძრავებს. ასევე, ავტომწარმოებელი აჩქარებს Macan-სა და Cayenne-ზე მაღლა მდგომი ახალი, შიგაწვისძრავიანი 7-ადგილიანი მდიდრული ქროსოვერის გამოშვებას, რომელიც ძირითადად აშშ-ის ბაზრისთვისაა განკუთვნილი.
და რაც ყველაზე საინტერესოა, მცირე ხნის წინ წარმოდგენილი პროტოტიპი Mission S-ის საფუძველზე, შტუტგარტელები სერიულ სუპერქარს ამზადებენ, რომელიც ნამდვილი ავტომოყვარულებისთვის იქნება განკუთვნილი. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრული მოდელები (როგორიცაა მომავალი ელექტრო Boxster-ი და Cayman-ი) კვლავ რჩება გეგმაში, ბრენდის მთავარი საყრდენი კვლავ ტრადიციული ძრავები და ჰიბრიდები იქნება.
ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად და მომგებიანობის დასაბრუნებლად, ბრენდი ხარჯების შემცირებას და მენეჯმენტის ოპტიმიზაციას გეგმავს. მიზანია, რომ კომპანიამ შეიმუშაოს ბიზნეს-მოდელი, რომელიც ბრენდის უნიკალურ იდენტობას — „სპორტული მანქანების სახელოსნოს“ — შეინარჩუნებს.
ბოლოს კი, როგორც იქნა, Porsche უარს ამბობს ბრმად მიჰყვეს მხოლოდ ერთ ტრენდს და აცხადებს, რომ ლეგენდარული 911 და მისი ემოციური მართვის კულტურა ხელუხლებელი დარჩება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს