კიმი ანტონელი Mercedes-AMG-ით ღობეს შეეჯახა | რასელი კი, სიცილს ვერ იკავებდა
Formula 1-ისა და Mercedes-ის გუნდის ახალგაზრდა ვარსკვლავი, იტალიელი კიმი ანტონელი, F1-ის ამ სეზონში ტრასაზე თითქმის უშეცდომოდ ასპარეზობს. თუმცა შეცდომებს ჩემპიონებიც უშვებენ და 20 წლის მრბოლელიც აშშ-ის გრან-პრის წინ სარეკლამო გადაღებებზე უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა.
ასევე იხილეთ: მილიარდერები VS ღარიბები - ფორმულა 1-ის პილოტების გზა
კიმი მრბოლელმა Mercedes-AMG GT 4-Door Coupe-ით უკუსვლით მოძრაობისას ხის ღობეს შეეჯახა. ამ მომენტს კი შორიდან მისივე თანაგუნდელი ჯორჯ რასელი ადევნებდა თვალს, რომელმაც სიცილი ვერ შეიკავა.
ინციდენტი Circuit of the Americas-ის ტრასაზე დაფიქსირდა. ანტონელი გერმანული სუპერქარის რასელის გვერდით გაჩერებას აპირებდა, რის შემდეგაც ორივე მრბოლელს მანევრი უნდა შეესრულებინა. თუმცა სწორედ ამ დროს ანტონელიმ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ვერ გათვალა — ავტომობილი ჯერ კიდევ უკუსვლის რეჟიმზე იყო გადართული.

მაშინ, როდესაც იტალიელმა აქსელერატორს ფეხი დააჭირა, Mercedes-AMG წინსვლის ნაცვლად უკან დაიძრა და უკან მდებარე ხის ღობეს შეეჯახა. ინციდენტის შემდეგ ვიდეოში მომხდარით გაკვირვებულ ანტონელის ვხედავთ, რომელსაც ჯერ ისიც ვერ გაურკვევია, თუ რა მოხდა.
შეჯახების შედეგად ავტომობილს მხოლოდ უმნიშვნელო დაზიანება მიადგა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და უცნაურია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ Mercedes-AMG GT 4-Door Coupe წარმოუდგენელ 1 153 ცხენის ძალასა და 1 475 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. გერმანული კომპანიის ცნობით, მოდელი 100 კმ/სთ-მდე დაახლოებით 2 წამში ჩქარდება.
View this post on Instagram
რასელმა მომხდარი ხუმრობის გარეშე არ დატოვა. „წინ რომ წახვიდე, D-ში უნდა გადართო“, — უთხრა მან ხუმრობით თანაგუნდელს და მიანიშნა, რომ ავტომობილი უკუსვლის რეჟიმში ჰყავდა დატოვებული.
ანტონელიმ მომხდარი მშვიდად მიიღო, გადაცემათა კოლოფი D-ში გადართო და გადაღებაც გააგრძელა. ამ ინციდენტს კი იტალიელის სარბოლო ტრასაზე პერფორმანსისთვის ხელი ნამდვილად არ შეუშლია, რადგან ანტონელიმ აშშ-ის გრან-პრი პოულ პოზიციიდან დაიწყო და გამარჯვებაც დაისაკუთრა.
 
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს