რატომ ამაგრებდნენ „მასლქარების“ უკანა მინაზე ჟალუზებს?
გიგანტური V8 ძრავი, რომელიც უამრავ ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, 1960-იანი და 1970-იანი წლების ამერიკული „მასლქარების“ მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. დეტროიტულმა „ჰოთ-როდებმა“ პოპულარული გახადეს ისეთი ელემენტებიც, როგორებიც კაპოტის ჰაერმიმღები, აგრესიული გრაფიკა და უკანა მინის „ჟალუზები“ არიან — ეს ტენდენცია მასლქარების ბუმის დასრულების შემდეგაც დიდხანს გაგრძელდა. ჟალუზებში, ცხადია ვგულისხმობთ ჰორიზონტალური მეტალის ან პლასტმასის ფირფიტებს, რომლებიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული და უკანა მინის ჩარჩოზე მაგრდება. მათ ხშირად შეხვდებოდით ისეთ ლეგენდარულ მოდელებზე, როგორებიცაა 1969 წლის Ford Mustang Boss 302 ან მეორე თაობის Chevrolet Camaro.
ასევე იხილეთ: ტყვე, რომელმაც Lamborghini შექმნა
1960-იანი წლების ბოლოს, როდესაც „ფასთბექის“ ტიპის ძარები ძალიან პოპულარული გახდა, უზარმაზარი, დაბალი კუთხით დახრილი უკანა მინა სალონში მზის სხივებს პირდაპირ ატარებდა, რაც კაბინას საუნად აქცევდა. იმ ეპოქაში კონდიციონერი ჯერ კიდევ ძვირადღირებული დეტალი იყო, ხოლო მინების დამუქება პოპულარული არ გახლდათ. შესაბამისად, მძღოლები სალონის გაგრილების გზებს ეძებდნენ — და, მოდით პირდაპირ ვთქვათ, უფრო ეფექტური იერის მიღების ახალ გზებს ეძებდნენ. სახლის ფანჯრის ჟალუზების მსგავსად, მანქანის უკანა მინის ჟალუზები ამცირებდნენ მზის პირდაპირი სხივების შეღწევას ისე, რომ ხედვასა და სინათლეს სრულად არ ბლოკავდნენ — და მოდი, ვიყოთ გულწრფელები, ეს დეტალი მანქანას შესანიშნავ იერს აძლევს...
ვინ გამოიყენა ჟალუზები პირველად?
არქიტექტურაში ჟალუზებს ათასობით წელია იყენებენ, ხოლო ავტომწარმოებლები მეტალის ჟალუზებს ძრავის გაგრილებისთვის ჯერ კიდევ 1940-იანი წლების Buick Roadmaster-ზე იყენებდნენ. თუმცა, იმ სახით, როგორსაც დღეს ვიცნობთ, დეტალის პირველი და ყველაზე ცნობილი დებიუტი კი ლეგენდარულ Lamborghini Miura-ზე შედგა.
თავდაპირველად ლამბორგინის პირველი სუპერქარის 4.0-ლიტრიან V12 ძრავს პლექსიგლასის მინა ფარავდა, თუმცა Lamborghini-ს ინჟინრები სწრაფად მიხვდნენ, რომ მინა 350-ცხენისძალიანი ძრავის კოლოსალურ სიმხურვალეს შიგნით აკავებდა. ლეგენდარულმა დიზაინერმა მარჩელო განდინიმ მინა ჟალუზით ჩაანაცვლა...
ტრენდი სხვა ავტომწარმოებლებმაც მყისიერად აიტაცეს — Ford-მა 1969 წლის Mustang SportRoof Fastback-ზე, ხოლო Chrysler-მა Dodge Challenger-სა და Plymouth Barracuda-ზე... Miura-სგან განსხვავებით, ამერიკული ჟალუზები მინას კი არ ცვლიდნენ, არამედ პირდაპირ უკანა მინის ზემოდან მაგრდებოდნენ.
1970-იანი წლების შუა პერიოდისთვის ამერიკულმა „აფთერმარკეტ“ ბაზარმა ჟალუზების ნაკრებები ათობით სხვადასხვა მოდელისთვის გამოუშვა. დეტალით აღიჭურვნენ ისეთი იაპონური კუპეებიც, როგორებიც Datsun 280Z და Mazda RX-7 იყვნენ. 1980-იან წლებში პოპულარობის პიკის შემდეგ, 90-იანებში მინების ტონირების განვითარებამ და აეროდინამიკურმა, გლუვმა დიზაინმა ჟალუზები დავიწყებას მისცა...
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს