Ferrari Luce EV-ის ფასი ცნობილია და მოლოდინებს ვერც ის ამართლებს
Ferrari-ს პირველი ელექტრომობილი რომ გულზე დიდად არავის ეხატება, ეს სიახლე თქვენთვის არ უნდა იყოს. ახლა კი კრიტიკის ქარცეცხლში Luce-ს დიზაინთან ერთად მისი ფასიც მოექცა... გამოცემა Car and Driver-ის ინფორმაციით, იტალიური ავტომწარმოებლის პირველი ელექტრომობილი $560 800 ეღირება.
ასევე იხილეთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?
მიუხედავად ამისა, მოდელი კვლავ არაერთგვაროვანი შეფასებების სამიზნეა და როგორც დიზაინის, ისე Ferrari-ს ისტორიაში მისი განსაკუთრებული ადგილის გამო დისკუსიებსაც ხშირად იწვევს. თუმცა Ferrari-ს გლობალური მარკეტინგის მიმართულების დირექტორმა, ემანუელე კარანდომ, მოდელის მიმართ უარყოფით რეაქციებსაც დადებითად შეხედა.
„როგორც მარკეტინგის დირექტორი, მე ძალიან კმაყოფილი ვიყავი“, — განაცხადა მან გამოცემა Edmunds-თან საუბრისას. მისი თქმით, Ferrari-ს იმდენი მოყვარული ჰყავს, რომ ადამიანებს მის შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმის სურვილი აქვთ. თუმცა, როდესაც კომპანია რაიმე ახალს ქმნის, ეს სიახლე საზოგადოებაში შიშსა და წინააღმდეგობას იწვევს.
თუმცა Ferrari-მ აღიარა, რომ უარყოფითი რეაქცია მოსალოდნელზე მასშტაბური აღმოჩნდა.

ახლა კი მთავარი თემა: რა ეღირება ახალი Ferrari Luce?
თავდაპირველი ვარაუდით, Ferrari Luce EV-ის ფასი $640 000-მდე უნდა ყოფილიყო. თუმცა, Car and Driver-ის ინფორმაციით, მისი ფასი $560 800-ს მიაღწევს, რაც დაახლოებით 80 000 აშშ დოლარით ნაკლებია, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ.
მიუხედავად ფასის შემცირებული პროგნოზებისა, Luce EV ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ხუთადგილიან სერიულ ავტომობილად შეიძლება იქცეს. გამოცემის შეფასებით, მისი ფასი Rolls-Royce Cullinan-ს დაახლოებით $50 000-ით აჭარბებს.

Ferrari Luce EV აშშ-ის ბაზარზე, სავარაუდოდ, 2027 წლის მეორე კვარტლიდან გამოჩნდება. ისიც უნდა ვთქვათ, რომ Ferrari Luce-მ თავისი მისია ფაქტობრივად შეასრულა და პირველი პარტიაც ამოიყიდა.
სკუდერიაში აცხადებენ, რომ ახალ ელექტრომობილზე 2026 წლისთვის დასახულ გაყიდვების მიზანს უკვე მიაღწიეს, თუმცა კონკრეტული ციფრები შეკვეთების, დეპოზიტებისა თუ გაყიდული ერთეულების შესახებ არ გაუსაჯაროებიათ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს შედეგი სულ რაღაც ორ თვეში დაფიქსირდა. Reuters-ის ცნობით, ამ წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩინეთის ბაზარზე არსებული კოლოსალური მოთხოვნა გახდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს