პროტოტიპები, ჩერი, ეს იუ ვი, ქროსოვერი, ჩერი ომოდა იქსი
Aa
Aa

Chery-მ Toyota RAV4-ის კონკურენტი წარადგინა და უნიკალური ტექნოლოგიით აღჭურვა

ჩინურმა Chery-მ კომპაქტური SUV-ების სეგმენტში კიდევ ერთი ახალი მოთამაშე — Omoda X-ი წარადგინა. ჩინეთში გამართული საერთაშორისო სამიტის ფარგლებში პროტოტიპის სახით ნაჩვენები მოდელი უხეში, უგზოობის სტილის დეტალებით გამოირჩევა და მომავალში როგორც სრულად ელექტრო, ისე დამუხტვადი ჰიბრიდული ვერსიებით იქნება ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, მანქანა აღჭურვილია ტექნოლოგიით, რომელსაც კომპაქტური ქროსოვერების სეგმენტში იშვიათად შეხვდებით — ინფრაწითელი თერმული ღამის ხედვის სისტემა.

ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

მთავარი ტექნოლოგიური სიახლიდან დავიწყოთ — ცუდი განათების პირობებში მართვისას ამ სისტემას გზაზე არსებული ცხოველების ან ფეხით მოსიარულეების 90 მეტრის რადიუსში ამოცნობა შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუ გზაზე ცოცხალი არსება გამოჩნდება, ღამის ხედვის სისტემა მძღოლს რეაგირებისთვის მეტ დროს აძლევს და, სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლის დამხმარე სისტემებსაც ამზადებს კრიტიკული მანევრისთვის.

ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ეს ტექნოლოგია სერიული მოდელის საბაზისო აღჭურვილობის ნაწილი, თუმცა ავტომწარმოებლები მსგავს ინოვაციებს ძირითადად მოდელების ტოპ-კომპლექტაციებისთვის ინახავენ. Omoda X-ი ბრენდის ახალი დიზაინერული ენის — Crossvolution-ის — ნიმუშია, რომლის შექმნის შთაგონების წყაროც იაპონური მანგასა და ანიმეების ჟანრი — „Mecha Culture“ გახდა. Chery-ს დიზაინერებმა ეს იდეა ძარის კუთხოვან ზედაპირებში, ფუტურისტულ, 19-დუიმიან დისკებსა და მაშუქების დაკბილულ LED გრაფიკაში ასახეს.

Chery-მ Toyota RAV4-ის კონკურენტი წარადგინა და უნიკალური ტექნოლოგიით აღჭურვა — ფოტო 1
Chery-მ Toyota RAV4-ის კონკურენტი წარადგინა და უნიკალური ტექნოლოგიით აღჭურვა — ფოტო 2
Chery-მ Toyota RAV4-ის კონკურენტი წარადგინა და უნიკალური ტექნოლოგიით აღჭურვა — ფოტო 3

ქროსოვერის სიგრძე 4650 მილიმეტრია, რაც მას ისეთი პოპულარული მოდელების პირდაპირ კონკურენტად აქცევს, როგორებიც Toyota RAV4, Subaru Forester-ი, Honda CR-V და Mazda CX-5 არიან. ავტომობილის კვადრატული ფორმის თაღები, ყველგანმავალი საბურავები და სხვა დეტალები მკაფიოდ მიანიშნებს, რომ Omoda X მხოლოდ ასფალტზე გადაადგილებისთვის არ არის შექმნილი.

Chery-ს განცხადებით, მოდელის კლირენსი 200 მილიმეტრს შეადგენს, უსაფრთხო ჩაძირვის სიღრმე — 700 მილიმეტრზე მეტია, ხოლო ბუქსირების შესაძლებლობა 1800 კილოგრამს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი კონკურენტების ოფ-როუდ ვერსიები, როგორიცაა Toyota RAV4 Woodland-ი და Subaru Forester Wilderness-ი, მიწიდან უფრო მაღალზე დგანან, Omoda წყლის გადალახვისა და ტევადობის მაჩვენებლებით უპირატესობას ინარჩუნებს.

Chery-მ ტექნიკური დეტალების გაზიარება ჯერ არ ისურვა, თუმცა დაადასტურა, რომ ავტომობილი ხელმისაწვდომი იქნება როგორც სრულად ელექტრო, ისე PHEV ვერსიებით, წინა ან სრული ამძრაობით. 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    Geely ბრიტანეთს „შეესია“ — Honda და Mazda ჩინელებს ჩამორჩნენ...
    Geely ბრიტანეთს „შეესია“ — Honda და Mazda ჩინელებს ჩამორჩნენ...