რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების ვადა 1 თვით გახანგრძლივდა
რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა. ხელშეკრულების ცვლილების შედეგად, სამუშაოების შესრულების ვადა 100-დან 130 კალენდარულ დღემდე გაიზარდა. მიზეზად მითითებულია "რიგი გაუთვალისწინებელი მოვლენები და ნალექები". გახანგრძლივება შეეხო რეაბილიტაციის სამივე მონაკვეთს.
30 ოქტომბერს გაფორმებულ ხელშეკრულების ცვლილებაში ვადის გახანგრძლივების მიზეზად კომპანია რამდენიმე გარემოებას ასახელებს. მათ შორისაა სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლენილი გაუთვალისწინებელი ფაქტორები, რომლებმაც საპროექტო გადაწყვეტილებების შეცვლისა და სამუშაოების მოცულობის გაზრდის აუცილებლობა წარმოშვა. დოკუმენტის მიხედვით, სამუშაო პროცესს ასევე აფერხებდა სხვადასხვა კომუნიკაციის კომპანიის მიერ საკუთარ ქსელებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ასევე იხილეთ: რა იწვევს საცობებს და არსებობს თუ არა გამოსავალი?
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია უამინდობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 აგვისტოდან 26 ოქტომბრამდე პერიოდში 29 ნალექიანი დღე დაფიქსირდა. მხარეების შეფასებით, უამინდობა სამუშაოების შესრულებას ზღუდავდა არა მხოლოდ ნალექიან დღეებში, არამედ მომდევნო დღეებშიც.
შესაბამისად, ხელშეკრულების ახალი რედაქციით, „სმარტ სოლუშენსმა“ სამუშაოები წერილობითი დავალების მიღებიდან 130 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს. აღსანიშნავია, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის მიმდინარეობისას „სმარტ სოლუშენსი“ სამუშაოების შესრულების პირობების დარღვევისთვის არაერთხელ დაჯარიმდა. მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოვლენილი დარღვევები, მათ შორის, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმის შეუსრულებლობას ეხებოდა.
„სმარტ სოლუშენსი“ რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების სამივე ლოტზე მუშაობს, ხოლო კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 19.8 მილიონ ლარს შეადგენს.
წყარო: BM.GE
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს