ავარია, სიჩქარის რეკორდი, ელექტრომობილი, რეკორდი, ბივაიდი, ბივაიდი იანგვანგ უ9
Aa
Aa

რეკორდამდე რამდენიმე დღით ადრე, BYD-ის მსოფლიოში უსწრაფესი EV ავარიის დროს „განადგურდა“

BYD-ის 2 977-ცხენისძალიანი Yangwang U9 Xtreme ჩინეთში მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას ავარიაში მოყვა და მძიმედაც დაზიანდა. ინციდენტი რამდენიმე დღით ადრე მოხდა, სანამ ავტომობილი 500 კმ/სთ-იანი სიჩქარის ზღვარის გადალახვას კიდევ ერთხელ შეეცდებოდა.

ავარიის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ადგილობრივმა გამოცემა CarNewsChina-მ მოიპოვა, შემდეგ კი ჩინურ სოციალურ ქსელებშიც ვირუსულად გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ კარგავს კონტროლს დახურულ სარბოლო ტრასაზე U9 Xtreme და დამცავ ბარიერს ეჯახება. შეჯახების შედეგად ჩინურ ელექტრომობილს უკანა ღერძის კონსტრუქცია სრულად წყდება.

BYD-ს ამ დრომდე არ განუცხადებია, თუ რა სიჩქარით მოძრაობდა ავტომობილი შეჯახებისას ან რამ გამოიწვია კონტროლის დაკარგვა. მიუხედავად შეჯახების სიმძიმისა, საბედნიეროდ, მძღოლს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია. ფოტოებზე კი ჩანს, რომ U9 Xtreme-ს დაზიანებული აქვს როგორც წინა, ისე უკანა ნაწილი. თუმცა მგზავრებისთვის განკუთვნილი ნაწილი უმეტესად ხელუხლებელია. ავარიის შედეგად აკუმულატორის აალების ფაქტიც არ გავრცელებულა.

U9 Xtreme-ის უსაფრთხოების სტრუქტურის საფუძველი კარბონისგან დამზადებული სალონია. BYD-ის განცხადებით, სტანდარტულ U9-ს Super Carbon-Fiber Cabin-ი აქვს. ეს უკანასკნელი მაღალი სიმტკიცით გამოირჩევა და შეჯახებისას მგზავრების დაცვას უზრუნველყოფს.

U9 Xtreme უკვე მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ელექტრომობილია

ცნობისთვის, Yangwang U9 Xtreme ჩინური BYD-ის ელექტროსუპერქარის, U9-ის, ყველაზე ექსტრემალური ვერსიაა. 2025 წლის სექტემბერში ავტომობილმა 496.22 კმ/სთ სიჩქარე განავითარა და მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული ელექტრომობილის სტატუსი დაიმსახურა. რეკორდი BYD-მ ოფიციალურად დაადასტურა.

ოთხი ელექტროძრავით აღჭურვილი მოდელი კომბინირებულად 2 977 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მოდელს 1 200-ვოლტიანი ელექტროსისტემა და 80 კვტ·სთ ტევადობის აკუმულატორი აქვს. ოთხძრავიანი e4 პლატფორმა კი თითოეულ ბორბალზე მაბრუნი მომენტის დამოუკიდებლად მართვის საშუალებას იძლევა.

მიუხედავად ინციდენტისა, BYD თავისი U9 Xtreme-ით ახალი სამიზნე ნიშნულის, 500 კმ/სთ-ის, გადალახვას კვლავ გეგმავს. სანახაობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უნდა შედგეს. ჩინური ავტომწარმოებლის მიზანი საკუთარი რეკორდის, 496.22 კმ/სთ-ის, გაუმჯობესება და 500 კმ/სთ-ის გადალახვაა. ამ ეტაპზე უცნობია, იმოქმედებს თუ არა მომხდარი ავარია BYD-ის გეგმებზე და როდის შეეცდება კომპანია რეკორდის დამყარებას.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები