Mercedes-მა დააპატენტა ტექნოლოგია, რომელიც მანქანას მწვანე შუქზე ავტომატურად ძრავს
სტანდარტული დასტარტვის კონტროლი სწრაფი აჩქარებისას მძღოლს თითქმის ყველა საფიქრალს უხსნის, თუმცა Mercedes-Benz-მა შეიმუშავა სისტემა, რომელიც მის მძღოლებს შუქნიშანთან გამართულ „დრაგებში“ დამატებით უპირატესობას მიანიჭებს.
ასევე იხილეთ: 7 ინოვაცია, რომელიც Mercedes-მა ავტოსამყაროს აჩუქა
მზად ხართ ისეთი სისტემისთვის, რომელსაც თქვენ ნაცვლად შეუძლია შუქნიშანზე მწვანე ფერის ანთების დაფიქსირება? Mercedes-Benz-მა სწორედ ასეთი ინოვაცია შექმნა. საპატენტო განაცხადში ეს ყველაფერი ცოტა აბსტრაქტულად ჟღერს, თუმცა აღწერა სისტემის არსს საკმაოდ მარტივად და ნათლად განმარტავს:
„აქამდე, სარბოლო სტარტის ტექნოლოგიები, რომლებიც მძღოლს ეხმარებოდა, დამოკიდებული იყო თავად მძღოლის რეაქციის დროზე, რასაც შეეძლო ტექნოლოგიის ეფექტურობა შეეზღუდა. ავტონომიურ სატრანსპორტო საშუალებებს შეუძლიათ გამოიყენონ მანქანური სწავლების მოდელები იმის დასადგენად, თუ როდის დაიწყონ აჩქარება უძრავი მდგომარეობიდან. ავტომობილებს შეუძლიათ გააანალიზონ კამერის მონაცემები, რომელიც აკვირდება შუქნიშანზე წითელი ფერის მწვანეთი შეცვლას“, — ვკითხულობთ განცხადებაში.
გესმით? თქვენ უბრალოდ ანელებთ ავტომობილს! შტუტგარტელები სწორედ ამის შეცვლას ცდილობენ... ხოლო თუ ტექნოლოგია საგზაო ავტომობილებში დაინერგება, შესაძლოა შუქნიშანთან დაყოვნების დრო მნიშვნელოვნად შემცირდეს (და თუ იმედი გაქვთ, რომ უკნიდან არავინ დაგისიგნალებთ, სულ ტყუილად... ამისათვის ტექნოლოგიამ ავტომობილი ყვითელი შუქის ანთებისთანავე უნდა დაძრას...)
ეს იდეა ზედმეტად წარმოუდგენლად გეჩვენებათ? გაიხსენეთ, რომ საუბარია კომპანიაზე, რომელმაც SUV-ს დრიფტის რეჟიმი დაუმატა, ასე რომ, გამორიცხული არაფერია. თუმცა, ჩნდება ლოგიკური კითხვა: ზუსტად რა ფუნქცია გვრჩება მძღოლებს ამ მძლავრ სპორტულ ავტომობილებში, თუ ყველაზე სახალისო პროცესებს საკუთარ თავზე კომპიუტერი აიღებს?
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს