Mercedes-Benz-ის ხელმძღვანელმა გაამხილა, კიდევ რამდენ ხანს შეინარჩუნებს კომპანია შიგაწვის ძრავებს
Mercedes-Benz-ის ხელმძღვანელმა, ილა კელენიუსმა, შიგა წვის ძრავების მომავალზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. კელენიუსის ვარაუდით, გერმანული კომპანიის მიერ წარმოებულ მოდელებში შიგა წვის ძრავები, სავარაუდოდ, კიდევ სულ მცირე 10 ან 15 წლის განმავლობაშიც კი შენარჩუნდება. ეს ნიშნავს, რომ Mercedes-ი ელექტრომობილებზე გადასვლის პარალელურად უახლოეს მომავალში ტრადიციულ ძრავებზე უარის თქმას არ აპირებს.

კელენიუსმა ამის შესახებ ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქში ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრის დროს ისაუბრა. „შიგა წვის ძრავები წარმოებაში კიდევ სულ მცირე 10, ალბათ, 15 წლის განმავლობაშიც დარჩება“, — განაცხადა მან და დასძინა, რომ ელექტრომობილებზე გადასვლა 20-25-წლიანი ინდუსტრიული გარდაქმნის პროცესია და არა ცვლილება, რომელიც აუცილებლად 2030 ან 2035 წლისთვის დასრულდება.
გამოდის, რომ Mercedes-Benz-ი ემზადება მომავლისთვის, რომელშიც ელექტროძრავიანი და შიგა წვის ძრავის მქონე ავტომობილები კიდევ მრავალი წელი გააგრძელებენ თანაარსებობას.
პარალელურად კი, გერმანული მწარმოებელი ელექტრომობილების განვითარებასაც განაგრძობს და ტრადიციულ შიგა წვის ძრავებშიც ახორციელებს ინვესტირებას. მათ შორისაა აგრეგატების არსებული ხაზის განახლება, რათა ისინი ევრო 7-ის ეკოლოგიური სტანდარტების მოთხოვნებს მოარგონ. ამ მიმართულებით განახლებები ახალ V8 ძრავასაც მოიცავს, რაც ადასტურებს კიდეც, რომ Mercedes-ის მხრიდან ტრადიციული ძრავების შენარჩუნების მზადყოფნა მხოლოდ დროებითი გამოსავალი არ არის.

კელენიუსმა დიზელის ძრავების მომავალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ Mercedes-ის პორტფოლიოში ამ ტიპის ძრავებს უახლოეს მომავალში არაფერი ემუქრებათ: „ჩვენი დიზელის ძრავების პორტფოლიო მომავლისთვის მზადაა“.
მისივე განმარტებით, დიზელის ძრავები იმ მომხმარებლებისთვისაა გათვლილი, რომელთაც ერთი წლის განმავლობაში დიდი მანძილის გავლა უწევთ. პირველ რიგში, საუბარია დიდი ზომის სამგზავრო ავტომობილებისა და მსუბუქი ტიპის კომერციული ავტომობილების მფლობელებზე.
კელენიუსმა კონკრეტული აქცენტი იმ მძღოლებზეც გააკეთა, რომლებიც ყოველდღიურად 60 000-70 000 კილომეტრს გადიან და დასძინა, რომ ამ კატეგორიის მძღოლებისთვის დიზელის ძრავები ბევრად პრაქტიკული არჩევანია. ამ მიმართულებით გერმანული კომპანია ახალი თაობის ელექტრიფიცირებულ შიგა წვის ძრავებზეც მუშაობს, რომლებიც მომავალში გამკაცრებული ეკოლოგიური მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე იქნება გათვლილი.

ამასთანავე, Mercedes-Benz-ი სამწლიან პროგრამაზეც მუშაობს, რომლის ფარგლებშიც 40 ახალი მოდელის გამოშვება იგეგმება. გეგმა ითვალისწინებს როგორც ელექტრომობილების, ისე შიგა წვის ძრავის მქონე ავტომობილების გამოშვებას. დამატებით კი, Mercedes-Benz-ის მიზანია, ათწლეულის ბოლოსთვის თავისი მოდელების ძირითადი სეგმენტების დიდ ნაწილში მომხმარებლებს ელექტროძრავიანი ალტერნატივებიც შესთავაზოს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს