სჭირდება თუ არა ტურბო ძრავს ზეთის უფრო ხშირად შეცვლა?
დიდი ხანია, საავტომობილო ინდუსტრიაში ტურბინიანი ძრავები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თუ ათწლეულების წინ ტურბო ძირითადად სპორტული მანქანების პრეროგატივა იყო, დღეს მწარმოებლები საწვავის ეკონომიისა და სიმძლავრის გაზრდის მიზნით მას მასობრივ მოდელებშიც აქტიურად იყენებენ. თუმცა, ნებისმიერ ტექნიკურ უპირატესობას საკუთარი ფასი აქვს და ეს პირველ რიგში ავტომობილის მომსახურებას ეხება.
ასევე იხილეთ: როგორ უნდა შევამოწმოთ ავტომობილი შეძენისას?
როგორ მუშაობს ტურბო და რატომ არის ის ზეთის მიმართ ასეთი მგრძნობიარე?
ტურბოკომპრესორის ძირითადი ამოცანა ძრავის ცილინდრებში მეტი ჰაერის მიწოდებაა, რაც წვის პროცესს აუმჯობესებს. ამის მისაღწევად სისტემა ძრავის გამომყოფი აირების ენერგიას იყენებს, რომელიც პატარა ვენტილატორს (ტურბინის ბორბალს) ატრიალებს. ეს უკანასკნელი კი ღერძით კომპრესორის ბორბალთანაა დაკავშირებული, რომელიც ჰაერს ქაჩავს.
აღნიშნული პროცესი უკიდურესად მძიმე პირობებში მიმდინარეობს — გამომყოფი აირების ტემპერატურამ შესაძლოა 1000°C გადააჭარბოს, ხოლო ტურბინის ბრუნვამ წუთში 350 000 ბრუნს მიაღწიოს. ასეთ დროს ძრავის ზეთი მოძრავი ნაწილების გაპოხვისა და ტემპერატურის რეგულირების კრიტიკულ ფუნქციას ერთდროულად ასრულებს. როდესაც ზეთი ასეთ მაღალ ტემპერატურასა და წნევას მუდმივად უპირისპირდება, მისი თერმული დაშლა ჩვეულებრივ ატმოსფერულ ძრავებთან შედარებით ბევრად სწრაფად ხდება.
თუ მფლობელი მწარმოებლის მიერ ხშირად შემოთავაზებულ „გრძელ ინტერვალებს“ (10 000კმ-ზე მეტი) მიჰყვება, ზეთი დამცავ თვისებებს კარგავს. ექსტრემალური სიმხურვალის ზემოქმედებით, ტურბოს არხებსა და საკისრებში დარჩენილი ძველი ზეთი იწვება და მყარ ნახშირბადოვან ნალექად იქცევა. ეს ნალექი ზეთის მიმწოდებელ მიკროარხებს ბლოკავს, რის გამოც ტურბინა „ზეთის შიმშილს“ განიცდის და საბოლოოდ ნაადრევად გამოდის მწყობრიდან.
გარდა ამისა, თანამედროვე ტურბოძრავებში ზეთის არხები ძალიან ვიწროა. დაბინძურებული და დაშლილი ზეთი არა მხოლოდ ტურბოს, არამედ სარქველების ფაზების მარეგულირებელ სისტემებსა და ჯაჭვის დამჭიმებსაც აზიანებს. სწორედ ამიტომ, მექანიკოსებისა და ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ ტურბოძრავიანი ავტომობილისთვის ოპტიმალური და უსაფრთხო პრაქტიკა ზეთის ყოველ 6-8 ათას კილომეტრზე შეცვლაა. როგორც წესი, რეკომენდაცია ატმოსფერული ძრავების შემთხვევაშიც ანალოგიურია, თუმცა განსხვავება ის არის, რომ ტურბო ძრავა ამ ლიმიტის დაუცველობას არ გაპატიებთ...
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს