რჩევები, სერვისი, აალების სანთლები, სასარგებლო რჩევა, სვეჩები
Aa
Aa

რას გვეუბნება ავტომობილის პრობლემებზე აალების სანთლების მდგომარეობა?

აალების სანთლები არა მხოლოდ ძრავის გამართული მუშაობისთვისაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, არამედ ხშირად ისინი თავად ძრავის „ჯანმრთელობის“ საუკეთესო დიაგნოსტიკურ ინდიკატორსაც წარმოადგენენ. „სვეჩის“ ფერი, ელექტროდის მდგომარეობა და მასზე ზეთის ან ნაგარის არსებობა ზუსტად გეუბნებათ, თუ როგორ გრძნობს თავს თქვენი აგრეგატი. აქვე ჩნდება მთავარი კითხვა: ღირს თუ არა ძველი სანთლების გაწმენდა და უკან დაბრუნება, თუ ყოველთვის ახლის ყიდვაა აუცილებელი?

ასევე იხილეთ: მავნე ჩვევები ავტომობილის მართვისას

მოკლე პასუხია: დიახ, ძველი სანთლების გაწმენდა და ხელახლა გამოყენება შესაძლებელია, თუმცა არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ტექნიკური მიზეზი, თუ რატომ არ არის ეს ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილება. იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე ავტომობილების ხარისხიანი სანთლების კომპლექტი (მაგალითად, Dodge Challenger-ის Hemi V8 ძრავისთვის) შესაძლოა 350 დოლარამდეც კი ღირდეს, გასაგებია, რატომ ირჩევენ მძღოლები მათ აღდგენას. ამ პროცესს ძვირადღირებული ინსტრუმენტები არ სჭირდება — საკმარისია ჩვეულებრივი ლითონის ჯაგრისი, საწმენდი სითხე და ღრიჭოს გასაზომი ფირფიტების კომპლექტი.

მსოფლიოში სანთლების წამყვანი მწარმოებელი, NGK შემდეგ რჩევებს გვაძლევს — პირველი ეტაპი საწყისი გაწმენდაა:  მშრალი, სუფთა ტილოთი გაწმინდეთ სანთლის კორპუსი და ელექტროდის წვერი. ამის შემდეგ ქიმიური დამუშავების დროა — შეასხით საწმენდი სპრეი სამუშაო წვერს და დაელოდეთ 10 წუთი. ბოლოს კი ლითონის ჯაგრისით ფრთხილად მოაშორეთ დარჩენილი ნაგარი და დაარეგულირეთ ელექტროდებს შორის სივრცე მწარმოებლის სპეციფიკაციის შესაბამისად. 

რატომ ჯობს მაინც ახლის ყიდვა?

მიუხედავად იმისა, რომ NGK ინსტრუქციას გვაწვდის, ინჟინრები მაინც ახალი სანთლების დაყენებას გვირჩევენ. მთავარი მიზეზი ფიზიკაშია — ელექტრული განმუხტვა ყველაზე ეფექტურად სწორედ მახვილი კუთხეებიდან ხდება. ექსპლუატაციის პროცესში ელექტროდის მახვილი წიბოები ბუნებრივად ცვდება, მრგვალდება და იწვის. შესაბამისად, უზადოდ გაწმენდილი ძველი სანთელიც კი ვერასდროს უზრუნველყოფს იმავე ეფექტურობის ნაპერწკალს, როგორსაც სრულიად ახალი.

სანამ ძველ სანთლებს გადაყრით, ყურადღებით დააკვირდით მათ, რადგან მათ შეუძლიათ ძრავის სერიოზული პრობლემების პროგნოზირება — მშრალი, შავი ნაგარი მიუთითებს ზედმეტად მდიდარ საწვავ-ჰაერის ნარევზე, აალების სუსტ სისტემაზე ან არასწორად შერჩეულ სანთელზე. ზეთოვანი ნადები ნიშნავს, რომ დგუშის რგოლები ან სარქვლის მიმმართველი მილისები გაცვეთილია და წვის კამერაში ზეთი ჟონავს. ასევე შესაძლოა პრობლემა იყოს PCV სისტემაში.

სველი, საწვავით დასვრილი სანთელი ინჟექტორების ან აალების სისტემის ხარვეზის ნიშანია, რის გამოც საწვავი ბოლომდე ვერ იწვის, ხოლო ღია ყავისფერი ან ნაცრისფერი ელექტროდი NGK-ის სტანდარტით, სრულიად ჯანსაღი ძრავისა და იდეალური წვის მაჩვენებელია.

თანამედროვე პლატინის სანთლები საშუალოდ 80 000 კმ-ს გადიან, ხოლო ირიდიუმის ხანგრძლივი რესურსის მქონე ვერსიებს 160 000 კმ-ზე მეტი მანძილის განმავლობაში მსახურებაც კი შეუძლიათ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ასევე დაგაინტერესებთ
    ერთმანეთს 8 ბრენდის ყველა სეზონის საბურავები შეადარეს
    ერთმანეთს 8 ბრენდის ყველა სეზონის საბურავები შეადარეს