შემოსავლების სამსახურმა ავტომობილის რეექსპორტზე 450-ლარიანი მომსახურების საფასური დააწესა
შემოსავლების სამსახურმა საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტზე 450-ლარიანი მოსაკრებელი დააწესა. ამას ითვალისწინებს დადგენილება, რომელიც დღეიდან, 16 ნოემბრიდან, ამოქმედდა.
მსგავსი ტიპის მოსაკრებელი აქამდე დადგენილი არ იყო. 2026 წლის 16 ნოემბრიდან კი რეექსპორტის ოპერაციის გაფორმების მომსახურების საფასური 450 ლარი იქნება. აქამდე რეექსპორტის ოპერაციისთვის თანხის გადახდა ხდებოდა შსს-ს მომსახურების სააგენტოში, რაც დაახლოებით 600 ლარი ღირდა და მას დამატებით 450 ლარი ემატება.
„სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტში (გარდა დროებით შემოტანის პროცედურის შემდეგ რეექსპორტისა) გაფორმებაზე დაწესებულ იქნა მომსახურების საფასური, 1 ავტომობილზე 450 ლარის ოდენობით“, — ნათქვამია დადგენილებაში.
არსებული მდგომარეობით, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი კლებად ტენდენციას ატარებს. 2026 წლის 9 თვეში უცხოეთში სულ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების 63 141 ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 475 მილიონი დოლარით, ანუ 24%-ით არის შემცირებული. ავტოექსპორტის კლება დაკავშირებულია უმსხვილეს ბაზრებზე — ყირგიზეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და ტაჯიკეთში — ავტომობილების ექსპორტის შემცირებასთან.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს