საქართველო, მეორადი ავტომობილები, განბაჟება, მეორადი ავტომობილების ფასები, განბაჟების საფასური, ირაკლი კუხიანიძე
Aa
Aa

„ფასი იმდენად გაიზარდა, ადამიანებს უჭირთ ასეთი ღირებულების ავტომობილის შეძენა“ | CarMark-ის დირექტორი

„დილერების მიმართულებით გაყიდვების კლება 90%-ია, საცალო გაყიდვებში [ფიზიკურ პირებზე] კი — 65%“, — ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ავტოიმპორტიორი კომპანია CarMark-ის დირექტორმა ირაკლი კუხიანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გარდა ახალი რეგულაციებისა, გაყიდვების ვარდნაზე გავლენა იქონია საწვავის ფასის მატებით გამოწვეულმა ტრანსპორტირების გაძვირებამ და აშშ-ის ბაზარზე მეორადი ავტომობილების დეფიციტმა, რამაც აუქციონებზე მანქანების ფასები გაზარდა.

საბოლოო ჯამში, როგორც ირაკლი კუხიანიძე აღნიშნავს, მანქანების დეფიციტის, ტრანსპორტირების ხარჯებისა და ამოქმედებული რეგულაციების გამო პროდუქტის ღირებულება იმდენად გაიზარდა, რომ მომხმარებლებს მისი შეძენა უჭირთ.

„სამწუხაროდ, გაყიდვებში მნიშვნელოვანი ვარდნაა. დილერების მიმართულებით კლება 90%-ია, საცალო გაყიდვებში [ფიზიკურ პირებზე] კი — 65%. ეს განაპირობა არა მხოლოდ იმან, რომ კანონი შეიცვალა. ჩვენ გვქონდა გათვლა და ვვარაუდობდით, რომ კანონი გაყიდვებს შეამცირებდა, თუმცა ნელ-ნელა მოხდებოდა გადაწყობა, ამ ტარიფთან შეგუება, სხვა მოდელების შერჩევა და ახალ რეგულაციებთან ადაპტირება.

თუმცა, კანონის გარდა, სხვა ფაქტორებიც დაემატა, რომლებმაც მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. საწვავის ფასის მატების გამო საგრძნობლად გაძვირდა გადაზიდვის ტარიფები. ამასთან, ამერიკაში მეორადი ავტომობილების კრიზისია. პანდემიის პერიოდში ჩინეთში არსებული ჩიპების დეფიციტის გამო ავტომწარმოებლებმა მილიონი-მილიონნახევრით ნაკლები ავტომობილი გამოუშვეს.

ზუსტად ეს რაოდენობა იქნებოდა ახლა 6-წლიან ზღვარში, ანუ იმ მეორად სეგმენტში, რომელზეც ახალი კანონიდან გამომდინარე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა. ზუსტად ეს მილიონი-მილიონნახევარი მანქანა აკლია დღეს ამერიკის მეორად ბაზარს.

შესაბამისად, აუქციონებზე მცირე არჩევანისა და მაღალი მოთხოვნის ფონზე მეორადი ავტომობილები გაძვირდა. საბოლოო ჯამში, გაიზარდა თავად მანქანებისა და ტრანსპორტირების ფასი, ამას დაემატა შეცვლილი კანონი და ამ სამივე ფაქტორის გამო პროდუქტი იმდენად გაძვირდა, რომ ადამიანებს ფიზიკურად უჭირთ ასეთი ღირებულების ავტომობილის შეძენა.

მე არ შემიძლია გლობალურად ვისაუბრო სხვა კომპანიების სახელით. შემიძლია მხოლოდ ჩემს კომპანიაზე გითხრათ, რა მდგომარეობა მაქვს და რა უნდა გავაკეთო. ჩემთან არსებული ვითარება ასეთია: კომპანია განადგურებული ნამდვილად არ არის, თუმცა გაყიდვები დავარდნილია. შესაბამისად, იმისთვის, რომ კომპანია შევინარჩუნო, მუშაობა გავაგრძელო და წინ წავიდე, ვეძებ სხვა გამოსავალს“, — განაცხადა ირაკლი კუხიანიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.

ცნობისთვის, 2026 წლის აპრილიდან ქვეყანაში ახალი წესები ამოქმედდა, რომლითაც 2024 წლამდე გამოშვებული ავტომობილების განბაჟება გაძვირდა.

ცვლილების მიხედვით, 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილების ნაწილისთვის აქციზის განაკვეთი ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე 1.5 ლარით განისაზღვრა. 2024-2025 წლებში გამოშვებული ავტომობილებისთვის აღნიშნული ტარიფი ისედაც 1.5 ლარს შეადგენდა, შესაბამისად, ცვლილება ძირითადად 2020-2021-2022-2023 წლებში გამოშვებულ ავტომობილებს შეეხო. ამ კატეგორიის ავტომობილებზე იქამდე მოქმედი განბაჟების ტარიფი ძრავის 1 კუბურ სანტიმეტრზე 0.8-1.4 ლარის ფარგლებში მერყეობდა.

რაც შეეხება 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებს, მათზე აქციზის განაკვეთი ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე 4.5 ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, ამ კატეგორიის ავტომობილების განბაჟების ტარიფი 5.6-ჯერ გაიზარდა — იქამდე მოქმედი წესით, 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების ძრავის თითოეული კუბური სანტიმეტრი 0.8 ლარის აქციზით იბეგრებოდა.

წყარო - bpn.ge

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები