აუქციონზე კენ მაილსის Shelby Cobra იყიდება — ფასი 25 მილიონს აჭარბებს
საავტომობილო ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი Shelby, 1964 წლის 427 Cobra მეტსახელად „Flip-Top-ი“, 2027 წლის იანვარში Mecum-ის აუქციონზე გაიყიდება და ექსპერტთა შეფასებით, მისი ფასი 25 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. ეს უნიკალური სპორტქარი აშშ-ში, უშუალოდ Shelby American-ის მიერ აწყობილი მხოლოდ ორი Cobra-დან ერთ-ერთია და უიშვიათეს ქარხნულ სარბოლო ეგზემპლარად მიიჩნევა.
ასევე იხილეთ: „ქართველებს სილამაზის აღქმა დაქვეითებული გვაქვს" - ზვიად ციკოლია | Car-ხანა
ავტომობილმა სადებიუტო რბოლა 1964 წლის სებრინგის 12-საათიან მარათონზე ჩაატარა, რის შემდეგაც ლეგენდარულმა ინჟინერმა და მრბოლელმა კენ მაილსმა Shelby-ს გუნდთან ერთად ის სრულად გადააკეთა. სპორტქარს ახალი, ულტრამსუბუქი ალუმინის ძარა მოარგეს, შასი 3 დუიმით დააგრძელეს, დაკიდების სისტემა განაახლეს, ხოლო ძარის წინა და უკანა სექციები Daytona Coupe-ის მსგავსად გადააკეთეს — სწორედ აქედან მიიღო მან სახელწოდება Flip-Top.
ტრანსფორმაციის შემდეგ Cobra-მ ბაჰამის კუნძულებზე, Nassau Speed Weeks-ის რბოლაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ტრასაზე ისეთი ლეგენდების გვერდით იბრძოდა, როგორებიც Ford GT40 და Chevrolet Corvette Grand Sport-ი იყვნენ. ავტომობილი მთლიანად ალუმინისგან დამზადებული Ford 427 V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 500 ცხენის ძალაზე მეტს გამოიმუშავებს. უკანა ამძრაობასა და 4-სიჩქარიან მექანიკურ კოლოფთან ერთად, მისი წონა სულ რაღაც 816 კილოგრამს შეადგენს, რაც 62 წლის წინ შექმნილ მანქანას თანამედროვე სტანდარტებითაც კი ექსტრემალურ დინამიკას ანიჭებს.

სარბოლო „კარიერის“ დასრულების შემდეგ კომპანია Legendary Motorcar-მა ავტომობილს ოთხწლიანი რესტავრაცია ჩაუტარა და ორიგინალი დეტალების გამოყენებით ზუსტად 1964 წლის სპეციფიკაციამდე აღადგინა. იმ ეპოქის სარბოლო მანქანების უმეტესობისგან განსხვავებით, ამ ეგზემპლარს შენარჩუნებული აქვს თავისი ქარხნული შასი, ძრავა და დაკიდების კომპონენტები. დღემდე მისი გარბენი მხოლოდ 6592 კმ-ს შეადგენს.
ბაჰამის კუნძულებზე Flip-Top-ის შთამბეჭდავი გამოსვლის ნახვის შემდეგ, Ford-ის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ შედარებით მცირე მოცულობის აგრეგატების ნაცვლად, GT40-ში სწორედ 7.0-ლიტრიანი V8 ძრავა ჩაედგათ. სწორედ ამ ძრავით აღჭურვილმა Ford GT40 Mk II-ებმა მოიპოვეს ისტორიული ტრიუმფი და 1966 წლის ლე-მანის 24-საათიან რბოლაში Ferrari დაამარცხეს, დაიკავეს რა პოდიუმის სამივე საფეხური.

1960-იანი წლების ორიგინალი Shelby Cobra-ს ფასი ასტრონომიულ ნიშნულებს აღწევს მაშინაც კი, როცა საქმე ჩვეულებრივ საგზაო ვერსიებს ეხება. აგვისტოში Mecum-ის აუქციონზე 1966 წლის შავი Shelby Cobra 427 1.98 მილიონ დოლარად გაიყიდა, ხოლო 1965 წლის ანალოგიურმა მოდელმა 40 000 მილზე მეტი გარბენით 3.3 მილიონი დოლარი მოაგროვა. მიუხედავად იმისა, რომ კენ მაილსის Flip-Top-ის სავარაუდო ფასი 25 მილიონ დოლარს სცდება, ის მაინც ვერ მოხსნის ბრენდის აბსოლუტურ რეკორდს — ყველაზე ძვირადღირებული Shelby-ს სტატუსი 1964 წლის Shelby Cobra Daytona Coupe-ს ეკუთვნის, პირადად კეროლ შელბის საკუთრებაში არსებულ ეგზემპლარს, რომელიც აგვისტოში 42.9 მილიონ დოლარად გაიყიდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს