რიკოთის გზატკეცილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რევაზ სოხაძე, მოლითი-ჩუმათელეთის გზა
Aa
Aa

„ალტერნატივა რიკოთის მაგისტრალისთვის“ | როდის დასრულდება მოლითი-ჩუმათელეთის 25-კილომეტრიანი გზის რეკონსტრუქცია?

მოლითი-ჩუმათელეთის 25-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასკვნით ეტაპზეა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის 25-კილომეტრიან, მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. ამ ეტაპზე დარჩენილია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა მხოლოდ 700-მეტრიან მონაკვეთზე, ასევე, მგზავრთა მოსაცდელის, უსაფრთხოების ბარიერებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის დახაზვა.

პროექტი გზის სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, მათ შორის, ასფალტ-ბეტონის საფარის, 13 ახალი ხიდის, 109 წყალგამტარი მილის, სანიაღვრე არხებისა და საყრდენი კედლების მოწყობას ითვალისწინებს.

მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთი ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50-კილომეტრიანი საავტომობილო გზის ნაწილია. გზის პირველი, ძირულა-მოლითის 25-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უკვე დასრულებულია.

იმერეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს რევაზ სოხაძე გაეცნო. სოხაძის განცხადებით, „ხარაგაულის გზა, ჩუმათელეთიდან ხარაგაულის გავლით და ძირულამდე, მნიშვნელოვანი ახალი კავშირია, რომელიც აბსოლუტურად კეთილმოეწყო და წლის ბოლოს უკვე სრულად იქნება დასრულებული ერთი მეწყრული მონაკვეთის გარდა. ეს არის მნიშვნელოვანი ალტერნატივა რიკოთის მაგისტრალისთვის. შესაბამისად, ამ გზას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის“.

აღნიშნული საავტომობილო გზა ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთ-დასავლეთის (E60) ავტომაგისტრალთან აკავშირებს. პროექტის დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება გადაადგილების უსაფრთხოება და კომფორტი, ასევე, მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო კავშირი ქვეყნის ცენტრალურ ავტომაგისტრალთან. მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 105.6 მილიონი ლარია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები