Aa Aa
2 დეკემბერი 2022  |  11:01

Toyota Hilux-მა ერთი Lamborghini Huracan Evo შეიწირა

ტაილანდში Lamborghini Huracan Evo-სა და Toyota Hilux-ის ავარია გამვლელებმა კადრებზე აღბეჭდეს. დამნაშავე „ლამბოს“ მძღოლ გახლდათ, რადგან მან გზატკეცილი საპირისპიროდ მომავალ მანქანებს გადაუჭრა. შედეგად 2-კარიანი Hilux-ი მას გვერდში დაეჯახა.

ინციდენტი 24 ნოემბერს, „სუხოტაის“ აეროპორტთან მოხდა. Lamborghini-ის მოდელების მსვლელობაში მონაწილეობას რამდენიმე Urus-ი, Huracan-ი, Gallardo, Huracan-ი და Aventador-ი იღებდა. სავარაუდოდ, ისინი საავტომობილო შეკრებას ტოვებდნენ.

წითელი Huracan Evo-ს მოუთმენელმა მძღოლმა ყვითელ Urus-ს გადაასწრო და გზის გადაკვეთა თეთრ Gallardo-სთან ერთად მოინდომა. სამწუხაროდ, მან გზის შუაში მოძრავი Toyota Hilux-ი ვერ შეამჩნია. პიკაპის მძღოლს კი რეაქციისთვის დრო აღარ დარჩა.

შედეგად, Hilux-ი „სუპერქარს“ პირდაპირ გვერდში დაეჯახა და მნიშვნელოვნად დააზიანა. დაიმტვრა პიკაპიც. „ლამბოს“ კორპუსმა კი დეფორმაცია განიცადა. საბედნიეროდ, ავარიის შედეგად მძიმე დაზიანება არავის მიუღია.

დამკვირვებლები ამ ყველაფერს მობილური ტელეფონით იღებდნენ. ორი სხვადასხვა რაკურსი სწორედ ამიტომ გვაქვს. კადრებიდან ნათლად ჩანს, რომ ეს ავარია სრულად Huracan-ის მძღოლის შეცდომის გამო მოხდა. ის გზის გადაკვეთამდე უნდა გაჩერებულიყო და საპირისპირო მხრიდან მომავალი ავტომობილის გასვლას დალოდებოდა. ასე მოიქცა Urus-ის მძღოლი.

ასეთი ტიპის შემთხვევები ყველა მძღოლისთვის ყურადსაღებია. გვახსოვდეს, რომ ჭკუის სწავლა სხვისი შეცდომებითაც შესაძლებელია.

გაზიარება: