Aa Aa
16 იანვარი 2023  |  10:37

რა მოხდება თუ ილონ მასკის განცხადება GM-ზე მართალია?

ილონ მასკი მიიჩნევს, რომ General Motors-ი გაკოტრების პირასაა.

თუ ილონ მასკს დავუჯერებთ General Motors-ს ფინანსური პრობლემები აქვს. მასკის თქმით, ამერიკის ყველაზე დიდი ავტომწარმოებელი, რომელიც Buick-ის, Cadillac-ის, Chevrolet-ის და GMC-ის მშობელი კომპანიაა, გაკოტრების პირასაა. მისი კრიტიკა ცოტათი ირონიულად ჟღერს, რადგან თავად Tesla-ს საქმეები ბოლო დროს კარგად არ მიდის. 2022 წელს Tesla-ს აქციებმა თავისი ღირებულების 65% დაკარგა. თუმცა, ეს იმას არ  ნიშნავს, რომ მასკი აუცილებლად ცდება. ყოველ შემთხვევაში Tesla-ს ჯერ ვალები არ აქვს.

ამ ეტაპზე ელექტრო ავტომობილების ბაზარი ჯერ კიდევ პატარაა, თუმცა, სწრაფად იზრდება. General Motors-ს ამ ბაზართან დაკავშირებით ამბიციური გეგმები აქვს და 2025 წლისთვის 30 სხვადასხვა მოდელი ელექტრო ავტომობილის ყოლას გეგმავს. ამაში კომპანიამ $35 მილიარდი დააბანდა.

დღეს ერთადერთი ელექტრო ავტომობილი, რომელსაც GM-ი მასობრივად ყიდის Bolt EV/EUV-ია. რომლის გაყიდვებიც კომპანიისთვის წამგებიანია. ბაზარზე Cadillac Lyriq-ი და GMC Hummer-იცაა თუმცა, მაღალი ფასის გამო, ამ ავტომობილების გაყიდვები შთამბეჭდავი არ იქნება. 2023 წლის განმავლობაში ბაზარზე Silverado პიკაპის ელექტრო ვერსიაც გამოჩნდება.

General Motors-ს ინფლაციამ და ნედლეულზე მუდმივად ფასების ზრდამ თავისი კვალი დაატყო. კომპანიას ფასების გაზრდა მოუხდა. მიწოდების ჯაჭვში წყვეტისა და ნახევრადგამტარების კრიზისის გამო, პრობლემები შეექმნა. 2021 წელს ამერიკაში გაყიდვებში GM-ს Toyota-მ აჯობა. ეს ჩიპების ნაკლებობას დაჰბრალდა. როგორც ჩანს, Toyota ამ კრიზისს უკეთ აღჭურვილი შეხვდა. 2022 წელს GM-მა ამერიკაში ყველაზე გაყიდვადი ბრენდის ტიტული დაიბრუნა.

ჩიპების პრობლემა თითქოს მოგვარდა, მაგრამ ამერიკაში დაწესებულმა ახალმა რეგულაციებმა შეიძლება ყველაფერი ისევ გაართულოს. ახალი კანონის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩიპების წარმოება უნდა წახალისდეს. სანამ ადგილობრივი წარმოება განვითარდება, ამან შეიძლება გლობალური მიმწოდებლები გაანაწყენოს.

მას შემდეგ, რაც მასკმა Twitter-ი შეიძინა, GM-მა იქ რეკლამების განთავსება შეწყვიტა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მერი ბარას თქმით, GM-ს დრო სჭირდება, რათა Twitter-ის ახალი მმართველობის შედეგს დააკვირდეს და განსაზღვროს ღირს თუ არა ამ პლატფორმაზე კომპანიის სტრატეგიისა და სამომავლო გეგმების გაზიარება.

გაზიარება: