Aa Aa
22 მაისი 2024  |  14:19

ამ Rolls-Royce-ის სერვისი თავისივე ღირებულებაზე ძვირი დაჯდა

როდესაც ძვირად ღირებულ მანქანაზე აკეთებთ არჩევანს, გააზრებულიც უნდა გქონდეთ, რომ მისი მოვლა ავტომობილის მსგავსად ძვირი სიამოვნება იქნება. თუმცა, ეს შემთხვევა ყველანაირ მოლოდინს გასცდა. მხოლოდ სერვისში, Rolls-Royce Phantom-ის მფლობელს მოუწია მანქანის ღირებულებაზე მეტი გადაეხადა.

2004 წლის Rolls-Royce Phantom-ი, დღეისთვის, მხოლოდ $69,950-ადაა შეფასებული, რაც ცუდი ფასი ნამდვილად არაა თუ გავითვალისწინებთ, რომ გამოსვლისას $320,000 ღირდა. ეს ფასი კი, ინფლაციის გათვალისწინებით, დღეს $531,000-ზე ოდნავ მეტის ეკვივალენტია.

ახლა კი, ამ ფასად თქვენ მიიღებთ მდიდრულ ვერცხლისფერ ავტომობილს, Magnolia-ს ინტერიერითა და ალუმინის დისკებით. ამას ემატება წინა ელექტროსავარძლები და უკანა კარები, რომელიც საპირისპირო მიმართულებით იღება. თუმცა, მანქანის „სიმდიდრის“ მთავარი განმსაზღვრელი სწორედ მისი მარკაა: კაპოტზე დამაგრებული ემბლემით - „ექსტაზის სული“ და საკულტო ცხაურით.

ავტომობილის მოყვარულები, Rolls-Royce-ის ექსტერიერის გარდა, კმაყოფილები მისი შესაძლებლობებითაც დარჩებოდნენ. მანქანას ძლიერი, 6.8-ლიტრიანი V12-ძრავა აქვს. ეს ძრავა, მოდელის გამოშვების დროისთვის, 453 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

 

 

როგორც უკვე ვთქვით, როდესაც მსგავს მანქანას ფლობ, ხარჯებისთვისაც მზად უნდა იყო. თუმცა, ქვითარი, რომელიც Rolls-Royce Phantom-ის სერვისის შემდეგ მფლობელს მიუვიდა - შოკისმომგვრელია. Phantom-ის სერვისზე მიყვანა არც მეტი არც ნაკლები - $78,913.57 დაჯდა.

გაცემული ქვითარი ერთი შეხედვით სხვა არაფერია, თუ არა „ზედმიწევნითი ზრუნვისა და ყურადღების დემონსტრირება“, რომელიც სერვისის თანამშრომლებმა Phantom-ის მიმართ გამოიჩინეს. გადახდილი თანხაც მხოლოდ იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მანქანის მოვლისა და შეკეთებისთვის, ძალიან დიდი ძალისხმევა დაიხარჯა.

თუმცა, ეს ასევე დემონსტრირებაა იმისა, თუ რამდენად ძვირი შეიძლება დაჯდეს ისეთი „მდიდრული“ და რთული კონცეფციის მანქანის შენახვა., როგორიც ეს Rolls-Royce-ია. ასე რომ ჯობს დაფიქრდეთ, მზად ხართ თუ არა მანქანა თითქმის „ორჯერ იყიდოთ“ მაშინ, როდესაც მას რაიმე ნაწილის შეკეთება ან სერვისი დასჭირდება.

გაზიარება: